პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრები

პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ (DRIVE Democracy) მომდევნო ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ხუთ ქალაქში შეიქმნა პოლიტიკური დიალოგის ფორმატები და პირველი შეხვედრებიც გაიმართა თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომდევნო შეხვედრა თბილისშია დაგეგმილი.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებით, პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას რეგულარული პლატფორმა, სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან კონკრეტულ საკითხებზე დაფუძნებულ დიალოგში არჩეულ პოლიტიკოსებთან, განიხილავენ გზამკვლევებში წამოყენებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის ინიციატივებს.

აღნიშნული ონლაინ ფორმატი წარმომადგენლობითი იყო. შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ქალაქების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო/საქართველოს წარმომადგენელი, მოწვეული ექსპერტები და რა თქმა უნდა, პროექტის მონაწილეები.

პირველ შეხვედრას, რომელიც 10 ივნისს გაიმართა, თელავმა უმასპინძლა. EECMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ხითარიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტი და მის ფარგლებში უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი აქტივობები. ასევე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი დიალოგის ფორმატების შექმნის მნიშვნელობას სხვადასხვა მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობით.

ამ შეხვედრაზე DRIVE Democracy-ის თელავის ჯგუფს წევრებმა თავიანთი პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინეს და შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ის საკითხები, რაზეც რეგიონული განვითარების გზამკვლევი ააგეს. კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებითა და ინოვაციების განვითარების გზით. შეხვედრაში მონაწილე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტის შემუშავების პროცესში და ითანამშრომლონ აქტიურ რეჟიმში ყველა ეტაპზე.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში 11 ივნისს, სადაც პროექტის მონაწილეებმა მოწვეულ ადგილობრივ ხელისუფლებს გააცნეს ის საკითხები, რომელზეც ჯგუფი მუშაობს. ქუთაისის რეგიონული განვითარების გზამკვლევი ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემებს და ასევე,  ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერების სტრატეგიული გეგმას. მონაწილეებმა განიხილეს, თუ რატომაა ეს თემები და დიალოგის ფორმატში მათზე მუშაობა მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისთვის.  შეხვედრის შედეგად,  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ და საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა აღნიშნული საკითხებით დაინტერესება და თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატეს. ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს და  საკრებულოს ინსტიტუციებსა და შესაბამის კომისიებში დაიწყება ამ საკითხებზე აქტიური მსჯელობა.

12 ივნისის გორის შეხვედრაც წარმომადგენლობითი იყო. პროექტის მონაწილეებმა წარადგინეს ის საკითხები, რომელზეც მუშაობენ რეგიონული განვითარების გზამკვლევის ფარგლებში და ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტში მეწარემობის ხელშეწყობასა და „მედიათეკის“ ანუ თემის განვითარებისთვის მულტიფუნქციური სივრცის შექმნაზე. მათ მიმოიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია, მათ შორის სამართლებრივი ნიუანსებიც, ჯგუფის მიერ გამოკვეთილ პრობლემები და დოკუმენტის საბოლოო მიზნები. დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენილი საკითხები საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, რის საფუძველზეც გამოხატეს მზაობა და მხარდაჭერა პროექტის მსვლელობის ფარგლებში.

ბათუმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებთან 16 ივნისს გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მათი გზამკვლევის ძირითადი გზავნილები და საკვლევი თემა –  „საზოგადოების ჩართულობა ბათუმის ურბანული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის“. პრეზენტაციის შემდეგ, საინტერესო დისკუსია გაიმართა და შერჩეული საკითხის ირგვლივ თავის მოსაზრებები დააფიქსირეს საკრებულოს ფრაქციების დეპუტატებმა,  ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების სპეციალისტმა და პროექტის მონაწილეებმა.

ამრიგად, პოლიტიკური დიალოგის ფორმატის პირველი შეხვედრები მიუხედავად იმისა რომ გაცნობითი ხასიათის მატარებელი იყო, საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა და საფუძველი ჩაუყარა ახალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში – მოქალაქეებისა და არჩეული წარმომადგენლების ერთობლივ ჩართულობას პოლიტიკური საკითხებისა და მათი რეალური საჭიროებების განხილვაში.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სრულ მზადყოფნას გამოხატავს DRIVE Democracy პროექტით ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და იმედს იტოვებს, რომ  დიალოგში ჩართულ მხარეეებს შორის შეთანხმების შედეგად მოქალაქეთა ხედვები პრაქტიკაში გატარდება.

 

საქართველოს ხუთ ქალაქში შეიქმნა პოლიტიკური დიალოგის ფორმატები და პირველი შეხვედრებიც გაიმართა თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.