“პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავის” პირველი წიგნი გამოიცა

“პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ – ასე ჰქვია წიგნების ახალ სერიას, რომლის გამოცემა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) სამხრეთ კავკასიის ოფისმა დაიწყო. ეს იქნება გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებული. აღნიშნული ციკლიდან პირველი წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის 7 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. ამ გამოცემაში შეკრებილი სტატიების უმრავლესობა სხვადასხვა დროს ავტორიტეტულ ჟურნალ Foreign Affairs-ში დაიბეჭდა და ისინი დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციაზე.
NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ წიგნზე მუშაობის იდეა დემოკრატიის სკოლების მსმენელებისათვის რამდენიმე საინტერესო სტატიის თარგმნის მოხალისეობრივი ინიციატივით დაიწყო და მოგვიანებით გარდაიქმნა უფრო მასშტაბურ პროექტად. წიგნის წინათქმის თანაავტორმა, ნიმდის პოლიტიკურმა მრჩეველმა იან მარინუს ვირსმამ კი მიმოიხილა ის თემები, რასაც აუცილებელ საკითხავში თავმოყრილი ტექსტები ეხება და აღნიშნა, რომ შერჩეულ ნაშრომებში გამოთქმული მოსაზრებები დღესაც ღირებულია თანამედროვე პოლიტიკური დებატების დროს, განსაკუთრებით – ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების კონტექსტში. პრეზენტაციის ღონისძიებაზე თითოეული ტექსტი სპეციალურად მოწვეულმა სპიკერთა გუნდმა წარადგინა: ბაკურ კვაშილავა, თორნიკე შარაშენიძე, დავით აფრასიძე, ნინო ჟვანია, გია ნოდია და გიგა ზედანია. ყველა მათგანმა ისაუბრა იმაზე თუ რა მნიშვნელოვან საკითხებს შეგვახსნებს ეს ნაშრომები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მემკვიდრეობა თანამედროვე გამოწვევების უკეთ გასაგებად.

აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალების უმრავლესობა აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ უცხო ენებს, რომლებზეც ეს სტატიები დაიწერა ან ითარგმნა, არ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ ამ გავლენიან პუბლიკაციებს. სწორედ ამ დეფიციტის შევსების იდეა უდევს საფუძვლად ამ ინიციატივას.

„აუცილებელი საკითხავის“ პირველ გამოცემაზე მუშაობისას NIMD-ის ორიენტირი იყო შეერჩია ის მასალები, რომლებიც აქტუალური იქნებოდა კონტინენტზე თუ რეგიონში მიმდინარე პროცესების უფრო საფუძვლიანად გასააზრებლად, ევროპაში ამჟამად არსებული კრიზისის ასახსნელად და ახალი მიმართულების საპოვნელად.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები, საგარეო, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები, კვლევითი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლექტორები და სტუდენტები. წიგნიც სწორედ ამ აუდიტორიისათვის შეიქმნა, იმ მიზნით და იმედით, რომ ის თანაბრად სასარგებლო როლს შეასრულებს პოლიტიკის სწავლების, მისი უკეთ გაგების და დემოკრატიზაციის გაძლიერების პროცესში.