ონლაინ შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) საქართველოს ხუთ ქალაქში მასპინძლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს ონლაინ ფორმატში. შეხვედრის მიზანია მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. ახალი კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ვირუსის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ამ მიზნით, რეგიონებში უკვე ჩატარდა ექვსი შეხვედრა სხვადასხვა ოფიციალური პირის მონაწილეობით.  აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

1 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართა  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, რომელმაც ისაუბრა რეგიონში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში, მააიკე ვან კოლდამმა და EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, რომელთაც ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

გუბერნატორის თქმით, ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე.  კახეთში 3 ცხელების ცენტრი და 11 საკარანტინე ზონაა მოწყობილი. ასევე, კონტროლდება რეგიონის ყველა შესასვლელი. მისივე თქმით, მომავალი კვირიდან, არსებული პროტოკოლების გათვალისწინებით, აღდგება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და აქტიურ ფაზაში შევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც.

თელავის დემოკრატიის სკოლამ ასევე უმასპინძლა თელავის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა ნარეკლიშვილსა და ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს მერიის საქმიანობაზე გასული წლის მანძილზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე, ეპიდსიტუაციის გამოწვევებზე და ამ მხრივ, საპარლამენტო საქმიანობისა და დროული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე.

ბათუმის სკოლის კურსდამთავრებულებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ესაუბრა აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ ე.წ. „წითელ ზონად“ გამოცხადებულ 4 სოფელში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებული ზომების პარალელურად, რეგიონის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი ქალაქში  სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა მონაწილეებს და უპასუხა მათ შეკითხვებს.

შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა  გორის დემოკრატიის სკოლის ალუმნებთან შეხვედრისას შიდა ქართლის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გატარებული პრევენციული ზომები მიმოიხილა. ასევე, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებზე და მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ  დემოკრატიის სკოლის ალუმნები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრების ციკლი უკვე ტრადიციად იქცა. იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების ონალაინ–ანგარიშის მოსმენა, იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო და ცალკეული მუნიციპალიტეტები ახორციელებენ  ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ამასთან, ეს პლატფორმა კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი ინიციატივები, პრობლემები თუ რეკომენდაციები გაუზიაროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ერთობლივად იმსჯელონ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

შეხვედრების ვრცელი ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1b9VqXljyfQp6bETHIog20Ig7CNG8Uwcr/view?usp=sharing

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

(EECMD) საქართველოს ხუთ ქალაქში მასპინძლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს ონლაინ ფორმატში.