ნიმდის სტრატეგიული დაგეგმარების ტრეინინგი სომხეთის პოლიტიკური პარტიებისთვის

2013 წლის 14 ივნისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) შეუდგა თავის პროგრამულ საქმიანობას სომხეთში. ორგანიზაციის ინიციატივით, სომხეთის პოლიტიკური პარტიებისთვის გაიმართა გაცნობითი ხასიათის სემინარი სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე.

NIMD-ის მიერ შექმნილი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია ხელს უწყობს, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში, პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციული შესაძლებლობების, ინსტიტუციონალური განვითარებისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას.

სემინარში მონაწილეობას იღებდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ხუთი პოლიტიკური პარტია. ტრენინგს უძღვებოდა ლეიდენის უნივერსიტეტის საჯარო მართვის ფაკულტეტის პროფესორი კასპარ ვან დენ ბერგი. მონაწილეებს სიტყვით მიმართა, NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა NIMD-ის საქმიანობა სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

სემინარი მიზნად ისახავდა პარტიებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოლოგიის გაცნობას, ასევე მათი შესაძლებლობებისა და ინსტიტუციონალური განვითარებისთვის აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნენ სტრატეგიული დაგეგმარების ზოგად კონცეფციას, დაგეგმვის პროცესის სრულ ფაზასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტრატეგიული დაგეგმარების პრაქტიკული დეტალები.

გამოცდილების გაზიარებისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიის ფონზე სემინარმა საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს მომავალში NIMD-თან მჭიდრო თანამშრომლობაზე.