მრავალპარტიული ტრენინგი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის

2015 წლის 23-24 აპრილს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე – პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი გავლენა ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მოწვეულმა ექსპერტმა, ბაკურ კვაშილავამ, სპეციალურად NIMD-სთვის შექმნა სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიების ეკონომიკურ ასპექტებს, როგორც ფისკალურ ისე მონეტარული პოლიტიკის კონტექსტში. ბატონი კვაშილავა იელის უნივერსიტეტის მაგისტრია და ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობათა შესავალსა და შედარებით პოლიტიკაში კითხულობს. იგი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2005 წლიდან ასწავლის, ხოლო სამართლისა და პოლიტიკის სკოლის შექმნის შემდეგ ამ სკოლის დეკანია.
ორდღიან ტრენინგში საქართველოს ექსვმა პოლიტიკურმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო მონაწილეობა. სასწავლო მოდულის მომზადებისას მთავარ ამოცანას პოლიტიკური იდეოლოგიების ეკონომიკური ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით, სასწავლო მოდული აგებულია ისე, რომ პირველ რიგში, ახსნას როგორ ხედავენ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიები მთავრობის როლს ზოგადად სახელმწიფოს მართვის მოდელში. შემდეგ კი დააკონკრეტოს რა ხედვა აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ იდეოლოგიას ქვეყნის ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით. რა როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ ისეთი საკითხების მოწესრიგებაში როგორიცაა ეკონომიკის სტიმულირება-რეგულირება, დასაქმების ზრდა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და კონკურენციის ხელშეწყობის საკითხები და როგორ წყვეტს სხვადსხვა პოლიტიკური იდეოლოგია მსგავს საკითხებს.

ტრენინგების, სემინარების, კვლევებისა და კონსულტაციების ორგანიზებით NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების შიდა პარტიული ანალიზის, ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირებას. პარტიების გაძლიერებით, NIMD ხელს უწყობს ძლიერი, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რაც მრავალპარტიული დემოკრატიის საწინდარია