მრავალპარტიული კონფერენცია – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

2012 წლიდან ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) მხარს უჭერს მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის საქმიანობას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. 2015 წლის 8 მარტს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში, ამ ჯგუფის წევრი პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე რიგით მეორე ერთობლივი კონფერენცია გაიმართა.
ერთ-დღიანი კონფერენცია სამ თემატურ დისკუსიას მოიცავდა. პირველი სესია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკასა და ზოგადად, პრობლემის ანალიზს დაეთმო. მომდევნო ორ სესიაზე კი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა საკუთარი პერსპექტივიდან ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესაძლო მექნიზმებზე ისაუბრეს.

გახსნით სესიაზე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ბატონ ჰანს ჰორბახმა და NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ბატონ ლევან ცუცქირიძემ ხაზი გაუსვეს ჰოლისტიკური მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც აკავშირებს პოლიტიკურ, სასამართლო და სოციალური დაცვის მომსახურების სექტორებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისათვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქალბატონ თამარ საბედაშვილის თქმით საქართველოს მთავრობამ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს აღნიშნულ საკითხს, რადგან ქალთა მიმართ ძალადობა, კერძოდ კი ოჯახური ძალადობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. დისკუსიისას, მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო და პოლიტიკური სექტორებისთვის.

NIMD-მა დამსწრე აუდიტორიას, 10 პოლიტიკური პარტიის მიერ ხელმოწერილი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ მრავალპარტიული რეზოლუცია წარუდგინა. რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის საკითხის გათვალისწინებას, უფრო ეფექტური სპეციალური ზომების მიღებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ქალ კანდიდატთა იდენტიფიკაციის, მომზადებისა და არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად გამოყენებასა და შიდა-პარტიული გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან შიდა-პარტიული დემოკრატიის გაღრმავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდის ხელშესაწყობად. რეზოლუციის სრულ ტექსტს გაეცანით აქ.