მრავალპარტიული ვებ–გვერდის www.partiebi.ge პრეზენტაცია

3 სექტემბერს 14 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) მრავალპარტიული ვებ–გვერდის www.partiebi.ge პრეზენტაციას მართავს.

ვებ-საიტის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ, ხარისხიან პოლიტიკურ დისკუსიას. პროექტის განხორციელებით, NIMD შეეცადა წაეხალისებინა კონკრეტული პოლიტიკური გეგმების ფორმირება პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო კოალიციებში და მეორეს მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიეწოდებინა.

სპეციალურად ვებ–გვერდისთვის შეიქმნა კითხვარი, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს მოკლე, ლაკონური პასუხები უნდა გაეცათ. კითხვარი მოიცავს აქტუალურ და მნიშვნელოვან 21 საკითხს. თითოეულ პარტიას/საარჩევნო სუბიექტს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის – მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.

ვებ-საიტის საშუალებით, შესაძლებელიია პარტიათა ხედვების შედარება ცალკეულ, საკითხებზე; საარჩევნო პოლიტიკურ ხედვების გაცნობა და მათთვის შეკითხვების გაგზავნა.

ამჟამად ვებ–გვერდზე განთავსებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია “ქართული ოცნების”, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პროგრამები. 26 სექტემბრამდე, დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ვებ–გვერდზე განათავსონ საკუთარი პოლიტიკის ხედვები.

ვებ–გვერდი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჟამად NIMD აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში 21 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს.

კონტაქტი:

ანა წურწუმია, პროგრამის ოფიცერი
anntsurtsumia@nimd.org
Tel: 2298256