მრავალპარტიული დიალოგი: ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

2013 წლის 30–31 იანვარს, თბილისში NIMD სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე მრავალპარტიულ დიალოგს მეორედ უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმ გახსნა. ,,თუ ჩვენს ქვეყანას სურს ეზიარიოს დემოკრატიულ ცივილიზაციას უნდა შევძლოთ, რომ პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდეს ქალებს და მამაკაცებს. მართალია წინა პარლამენტთან შედარებით ახალ პარლამენტში ქალბატონების რაოდენობა გაორმაგდა ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს მიღწევა, თუმცა ეს გაორმაგება პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 11%-ია, არადა ყველამ ვიცით რომ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 50% ქალბატონია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიალოგზე წარმოდგენილი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი. უახლესმა კვლევის მიზანი იყო შეესწავლა არსებული წამახალისებელი მექანიზმის გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე, ქალი კანდიდატების მოხსენიების სიხშირე მედიაში, კავშირი საარჩევნო სისტემასა და პარლამენტში ქალთა რაოდენობას შორის.

ღონისძიებაში მონაწილე საპარლამენტო და არასაპაარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა განიხილეს ქალთა მონაწილეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ერთობლივი ნაბიჯები და ამ გზაზე არსებულ გამოწვევები.
დიალოგის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე და საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მრავალპარტიული დიალოგის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად არსებული ის მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ.

მრავალპარტიული დიალოგის მონაწილეებს კანადის საპატიო კონსულმა კლიფ ისააკმაც მიმართა და გენდერული თანასწორობის საკითხზე პარტიათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების პროექტს NIMD სწორედ კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩამოტვირთეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი (PDF ვერსია).