მედიაციის ტრენინგი

2018 წლის 11-15 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით საქართველოში მედიაციის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) მიერ იყო დაფინანსებული და მასში მონაწილეობა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად სხვა დაინტერსებულ პირებსაც შეეძლოთ.

ტრენინგს უძღვებოდა ჰოლანდიური ორგანიზაციის Result Mediaiton-ის ორი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ტრენერი, რომელთაც მონაწილეებს პროფესიულ დონეზე მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააანალიზონ კონფლიქტის დინამიკა და აწარმოონ მოლაპარკება მედიაციის გზით.

ხუთდღიანი ტრენინგის პირველი ნახევარი თეორიულ ნაწილს დაეთმო.  რა დროსაც ტრენერები შეეხნენ მოლაპარაკებების წარმოების, ინტერესის განსაზღვრისა და  კომუნიკაციის მოდელებს. ასევე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს მოლაპარაკების დროს და როგორ უნდა წარმართონ მედიაციის პროცესი. ტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეებმა თავად მოირგეს მედიატორის და ჩართული მხარების როლები და სხვადასხვა შემთხვევების განხილვით ეცადნენ პრობლემიდან გამოსავლის გზის პოვნასა, თუ ოპტიმალური შეთანხმების მიღწევას.

„ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვისწავლე ქცევების ამოცნობა, მხარეების მოსმენა კონფლიქტურ სიტუაციებში. რაც მთავარია გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო ღრმად შევისწავლო და ხელი შევუწყო მედიაციის პრაქტიკის დანერგვას საქართველოში.“ – განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ მიქელაძემ.

ნინო ჯინჭარაძის თქმით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოადგება, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე სამსახურებრივ თუ სხვა კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედებისას.  ასევე იმედოვნებს, რომ მედიატორთა ინსტიტუტი ახლო მომავალში საქართველოშიც გახდება ისეთივე პოპულარული, როგორც დასავლურ ქვეყნებშია და დიდ როლს ითამაშებს დავების სასამართლოს გარეშე მოგვარების პროცესში. მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ტრენინგი სისტემატურად ჩატარდეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებისთვის.

მედიაციის ტრენინგი სერტიფიცირებულია ნიდერლანდების მედიატორთა ფედერაციის მიერ და 1998 წლიდან ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.