თემატური ტრენინგი – “შიდაპარტიული დემოკრატია“ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის გაიმართა ტრენინგები თემაზე – “შიდაპარტიული დემოკრატია”. ტრენინგები განხორციელდა „ნდობისა და დემოკრატიზაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში. ტრენინგებს უძღვებოდა ქამრან ულა (Kamran Ullah), პოლიტიკისა და კომუნიკაციის სტრატეგიის სპეციალისტი, გაზეთ „De Telegraaf“-ის მთავარი რედაქტორი (ნიდერლანდების სამეფო). შეხვედრები შედგა როგორც თბილისში (2015 წლის 15-16 თებერვალს) აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების მონაწილეობით ასევე ერევანში (2015 წლის 17-18 თებერვალს) სომხეთის ახალგაზრდა ლიდერებისათვის.

რიგით მესამე „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის“ მოსამზადებელი შეხვედრების ფარგლებში გამართული ტრენინგი, მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციული სტრუქტურის, პროცედურული შესაძლებლობებისა და შიდა პარტიულ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის განხილვას. სესიის ფარგლებში განიხილეს შიდაპარტიული დემოკრატიის საუკეთესო გამოცდილება ევროპასა და უმთავრესად ჰოლანდიაში. სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა წარმოადგინეს მათი პარტიების შიდა სტრუქტურა და გამართეს დისკუსია ადგილობრივი და ევროპული პარტიული მოდელების მსგავსება – განსხვავებების ირგვლივ.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჩაატარეს საკუთარი პარტიების სვოტ (SWOT) ანალიზი. მათ განსაზღვრეს არსებული გამოწვევები, რომლებიც ამ პარტიების სტრუქტურასა და შიდა დემოკრატიის განვითარებას ეხება. სესიის მონაწილეებმა ასევე განსაზღვრეს ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ ალიანსების შექმნასა და მათი შენარჩუნებას ითვალისწინებს.

ტრენინგის მეორე დღე მოიცავდა პოლიტიკური კარიერული მენეჯმენტის კომპონენტს. ახალგაზრდა ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და ამბიციები. განსახილველ თემებს შორის ასევე იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და პარტიის წევრების მოზიდვა და მოხალისეთა დასაქმება.

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, მომავალი ტრენინგის თემაზე – „IT ტექნოლოგიების როლი პარტიის საქმიანობაში“, რომელიც 2015 წლის მარტში გაიმართება.