თემატური დისკუსია: „ გენდერული თანასწორობის პრობლემატიკის გაშუქება ქართულ მედიაში“

2013 წლის 25 მარტს, ქალაქ თბილისში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), დისკუსია გამართა თემაზე – „გენდერული თანასწორობის პრობლემატიკის გაშუქება ქართულ მედიაში“. NIMD პროექტს ”ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

დისკუსია NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ გახსნა და ყურადღება გაამახვილა მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე ქალთა საკითხების გაშუქებისას. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ელენე რუსეცკიმ გაანალიზა გენდერული საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ქალბატონმა ელენემ აღნიშნა რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს დანერგილი სტერეოტიპების რღვევას და განამტკიცოს გენდერულად თანასწორი პოლიტიკის გატარება რომლის ვალდებულებაც საქართველოს CEDAW კონვენციით ეკისრება. უფრო მეტიც, ქალბატომა ელენემ ქალთა პირდაპირი დისკრიმინაციისა და სექსიზმის ენის პრეცედენტები გამოყო ქართულ რეკლამაში (ლუდი „ალუდა“, ელიტ ელექტრონიქსი და ჯიპიაი ჰოლდინგი) და სატელევიზიო შოუში (“პროფილი” და “ნანუკას შოუ”) ქალის მსხვერპლად წარმოჩინებაზე ისაუბრა. გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით მიუღებელია ქართული მედიის განზოგადება, რადგან ზოგიერთი მედია საშუალება გენდერულად მგძნობიარეა და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ბატონი ლაშა აცხადებს რომ “მედია არის საზოგადოების სარკე. მედია ქმნის საზოგადოებრივ აზრს, თუმცა მედია ვერ ქმნის საზოგადოებრივ გარემოს.“

მედია ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ (მედიის განვითარების ფონდი) თავისი პრეზენტაციის ფარგლებში მიმოიხილა 2011 და 2012 წლებში მედია მონიტორინგზე ჩატარებული მოკლე ვადიანი კვლევების შედეგები. ქალბატონმა ქეთიმ ხაზი გაუსვა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს კერძოდ, რომ ხშირად ქალთა გაშუქება მედიაში ხდება მხოლოდ მსხვერპლის სახით და მეორე, რომ არსებობს “ქალის” და “მამაკაცის” თემების ცნება, რაც გულისხმობს ქალების მიერ მხოლოდ მსუბუქ თემებზე საუბარს მაგალითად – კულტურა, მოდა, ამინდი, სამზარეულო და სხვა.

დისკუსიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდა განეხილათ ზემოაღნიშნული საკითხები და თანამშრომლობის შესაძლო საშუალებები.