ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

2014 წლის 23 ოქტომბერს, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) პროექტის – „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, პოლიტიკაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯების განხილვა და ამ გზაზე არსებული პრობლემების ანალიზი იყო. პირველ სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პარტიები: პარტია ქართული ოცნება, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭო და ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ნიმდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში – ლევან ცუცქირიძემ და ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მთავარმა მრჩეველმა კაუპო კანდმა ისაუბრეს ეროვნულ უმცირესობების პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და ამ მხრივ, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებმა კი პრობლემების საკუთარი ხედვა შესთავაზეს შეხვედრის მონაწილეებს: ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში; სახალხო დამცველის არსებული ანგარიშების გაუთვალისწინებლობა, ეროვნული უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობა არა მხოლოდ პოლიტიკის არამედ სხვა სფეროებშიც, საზოგადოების დიდი ჯგუფების მხრიდან ეროვნული უმცირესობების იდენტობის მიუღებლობა ქართულ იდენტობად, მათთვის უცხო ენაზე ინფორმაციის მიღება, საარჩევნო პერიოდში, კახეთის რეგიონში ეროვნულ უმცირესობათა რეგისტრირების და საარჩევნო სიების პრობლემა, მათი საჭიროებების შესახებ ჩამოუყალიბებელი ხედვა და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრები სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობა ინდივიდუალური საქმოქმედო გეგმების შემუშავებაში, ექსპერტული ანალიზის გაწევა და თოქ-შოუების ორგანიზება რეგიონულ სამაუწყებლო მედიაში.