დემოკრატიის სკოლებში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

დემოკრატიის სკოლებში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ, დისკუსიები გაიმართა. ამჯერად შეხვედრებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენლები მართავდნენ, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ძირითად ცვლილებებსა და ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილ რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის საარჩევნო ბარიერზე, ბლოკების შექმნის შესაძლებლობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებზე, მედიის მისამართით დაწესებულ რეგულაციებზე, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და აგიტაციაზე, საარჩევნო დავების განხილვაზე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორის მოადგილემ, ელენე ნიჟარაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს, თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვთ საარჩევნო ბარიერსა და ბლოკებზე. „მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია საარჩევნო ბლოკების გაუქმება. თუ ამ ცვლილების მიზანია ის, რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში რაც შეიძლება მეტი პარტია მოხვდეს პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ვუკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანდნენ კოალიციაში და ჩამოაყალიბონ ბლოკები. ბუნებრივ ბარიერს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე უფრო მისაღები იქნებოდა 3%-იანი ბარიერის არსებობა. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციაც და პოლიტიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფდა მომავალში,“ – აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი გორში, ბაჩანა ხუციშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ცვლილების პროექტს აქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსებიც, თუმცა, საჭიროა აქტიურად მოხდეს საზოგადოების ჩართვა და ინფორმირება დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში.

კიდევ ერთმა მომხსენებელმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა, თათია ქინქლაძემ, მედიის მიმართ დაწესებულ რეგულაციებზე, სიძულვილის ენის აკრძალვასა და ანტირეკლამის ცნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მუშაობაზე.“

დისკუსიის ერთ–ერთმა მონაწილემ ბათუმიდან, ანა მდინარაძემ, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ მედიასთან დაკავშირებით ბევრი საკითხია ბუნდოვანი, რაც კითხვებს აჩენს: „მაგალითად, სიძულვილის ენა ახალი კანონით აკრძალული იქნება, მაგრამ განმარტებული არ არის კანონში ეს დეფინიცია, რაც ფართო გაგების საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს. ასევე, ცვლილებებით აღნიშნულია, რომ ანტირეკლამა არ უნდა იყოს 25 %–ზე მეტი საერთო რეკლამის. რატომ ეს ციფრი და არა, ვთქვათ, საერთოდ აკრძალვა, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, ესეც არსად არ არის განმარტებული“.

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ გრძელვადიან პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება უნდა მოხდეს წევრების პროფესიული ნიშნით და არა პოლიტიკური კუთვნილებით. მათი კიდევ ერთი შეთავაზებაა – ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრთა რაოდენობის შემცირება და ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილების ვადების შეკვეცა.

მსჯელობა შეეხო, ასევე, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს და სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო აგიტაციას. მომხსენებლების თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოამზადა საჩივრები ამასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ სოციალური ქსელებით პოლიტიკური აგიტაცია არ მიიჩნია კანონდარღვევად, რაც დამატებით მუშაობას საჭიროებს, რათა, ასეთი  სახის საკანონმდებლო  ჩავარდნები  აღმოიფხვრას.

EECMD დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებს, პოლიტიკური პარტიების წევრებთან ერთად, საჯარო ადმინისტრაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) ყოველთვის ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის სივრცე შექმნას და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ პროცესს. საარჩევნო კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დისკუსიები დემოკრატიის სკოლებში ორიოდე თვის წინაც გაიმართა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

დემოკრატიის სკოლებში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ, დისკუსიები გაიმართა.