დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულების მოხალისეობრივი საქმიანობა COVID-19 დროს

მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა ბოლოდროინდელმა  მდგომარეობამ, ნათლად დაგვანახა ცალკეული ადამიანის პასუხისმგებლობისა და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების როლი კრიზისების მართვაში. COVID-19-ის განვითარებამ, დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ყველა სეგმენტზე და განსაკუთრებით იმ სოციალური ჯგუფებზე, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან – ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა მოხუცები თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფები.

COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, EECMD-ის დემოკრატიის სკოლის ალუმნები და DRIVE Democracy-ის პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ბათუმის DRIVE-ის ჯგუფის აქტიური წევრი და დემოკრატიის სკოლის ალუმნი, გიორგი ბოლქვაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის კოორდინატორიცაა. ძირითადად, ჰუმანიტარული მიმართულებით საქმიანობს- ტრენინგს უტარებს მოხალისეებს, ეხმარება მოხუცებს, ცხელი ხაზის საშუალებით სატელეფონო კონსულტაციებს უწევს მოქალაქეებს, მუდმივ კავშირშია კარანტინში მყოფ პირებთან და მონაწილეობს მათი თერმორეგულაციის უზრუნველყოფაშიც.

წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები არიან ქუთაისის DRIVE ჯგუფის მონაწილეებიც – ივლიტა გოგუა, გიორგი სულაძე და მარიკა ვაჭარაძე. შესაბამისი გადამზადების შემდეგ, ქუთაისში, ტყიბულსა და ხონში ისინი ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანციისა და სხვა რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს ახორციელებენ, ეხმარებიან ხანდაზმულებსა და მარტოხელა პენსიონერებს საკვებითა და მედიკამენტებით.

თავისი მოხალისეობრივი საქმიანობით, 400-ზე მეტი ოჯახის სურსათით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფაში შეიტანა წვლილი ნაზიბროლა რეხვიაშვილმაც, რომელიც ბათუმის DRIVE-ის ჯგუფის წევრი და ა(ა)იპ „იალქანი“-ს მოხალისეა.

გიორგი რიჟვაძემ, თბილისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა და “DRIVE Democracy” პროექტის აქტიურმა წევრმა, თავის მთანამოაზრეებთან ერთად შექმნა სოციალური ჯგუფი „ახალგაზრდები ხულოსთვის,“ მოიზიდეს ფონდები და ეხმარებიან სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს ხულოში.

გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყეს და “უსინათლოთა საზოგადოების” ბენეფიციარებს დაეხმარნენ სხვადასხვა პროდუქტით კომბინირებული პაკეტით, ასევე, მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი სასაჩუქრე ბარათებით.

EECMD მიესალმება ყველა სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დახმარება-გაძლიერებას ისახავს მიზნად და  გვიხარია, რომ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს თავიანთი წვლილი შეაქვთ პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში.

COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, EECMD-ის დემოკრატიის სკოლის ალუმნები და DRIVE Democracy-ის პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.