დემოკრატიის საზაფხულო ბანაკი – “ქალაქები“

წლევანდელმა დემოკრატიის საზაფხულო ბანაკმა წელს თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლების ყველა თაობის კურსდამთავრებულებს 6-12 ივნისს, ყვარელში უმასპინძლა. წლის შემაჯამებელმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სხვადასხვა პროფესიის სამოცამდე დემოკრატიის აქტივისტს საქართველოს ოთხი ქალაქიდან.
დემოკრატიის ბანაკი, ტრადიციულად, ინტენსიური სწავლების და პროფესიული კავშირების დამყარების სივრცეა. ეტაპობრივად, ეს ღონისძიება, დემოკრატიის ძლიერ და საჩვენებელ ფორუმად ყალიბდება, სადაც თავს იყრიან ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან და მეორე მხრივ, პოლიტიკის ექსპერტები და პრაქტიკოსები, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. ღონისძების ფორმატი კი მათ საჭირო კონტაქტების დამყარებისა და წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ინფორმირებული მსჯელობის საშუალებას აძლევს.

2015 წელს, დემოკრატიის ბანაკი განვითარების საკითხს მიეძღვნა. უფრო კონკრეტულად, ქალაქები და ურბანული განვითარება იყო ღონისძიების მთავარი თემა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, ურბანიზაცია არსებითი ელემენტია. ამავე დროს, ქალაქების სწრაფმა ზრდამ უამრავი პრობლემა გააჩინა: ქალაქის იერსახის შეცვლა, ჭარბმოსახლეობა, დაბინძურება, მწვანე საფარის შემცირება, ხმაური და ა.შ. ქალაქური ცხოვრების წესის პრობლემების კვლევა და გადაჭრა თანამედროვე მსოფლიოს აქტუალური საკითხია.

ურბანული მენეჯმენტის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. ნიშანდობლივია, რომ არ არსებობს საქართველოს მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმა, შესაბამისად, კონკრეტული ქალაქების ფუნქციები ქვეყნის სოციალურ-ეკნომიკური განვითარების კონტექსტში არ არის დანახული. ამასთანავე, სულ უფრო მცირდება ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის ფართობი, იმატა ქაოტური და დაუგეგმავი მშენებლობების რიცხვმა, ტრანსპორტისა და ზოგადად, კომუნიკაციის სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე ეკო მეგობრული ურბანული ტრანსპორტის სტანდარტებს.

ქალაქების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობას მიეძღვნა დემოკრატიის ბანაკის ერთკვირიანი სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და პროცესში მონაწილეობისათვის საკითხის ექსპერტები, პრაქტიკოსები, ქალაქების მერები და აქტიურ მოქალაქეები მოიწვია საქართველოს ოთხი ქალაქიდან – თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი.

ერთკვირიანი სამუშაო პროგრამის ნაწილი სრულად დაეთმო ინტენსიურ სწავლებას იმის შესახებ, თუ რა არის განვითარება, რა ადგილი უჭირავს ურბანულ განვითარებას ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. რა სპეციფიკა აქვს ქალაქდაგეგმარებას და თანმდევი პრობლემების მოგვარების რა წარმატებულ მაგალითებს იცნობს მსოფლიო. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთა გუნდის მოხსენებებმა დაფარა ისეთი თემები როგორიცაა – ქალაქების ზრდა და ურბანული ქსოვილის შენარჩუნება, ზონირების მნიშვნელობა, სოციალური და კულტურული ასპექტების გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში, ინვესტიციები და კულტურული მემკვიდრეობა, სამოქალაქო აქტივოზმის მნიშვნელობა, მისი ფორმები და სხვა.

დემოკრატიის ბანაკის მონაწილეებმა მოლაპარაკების სიმულაციური თამაშიც გამოცადეს. ეს სესია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჰოლანდიიდან მოწვეულმა სტუმარებმა წარმართეს. მოლაპარაკების ხელოვნებაში უკეთ გასარკვევად ბანაკის მონაწილეებმა „პერსპექტივების თამაში“ დადგეს, რომელიც სტრატეგიის გათვლას, ალტერნატივების ძიებას, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შეთანხმების მიღწევას ერთობლიობაში მოითხოვდა. მონაწილეები ოთხ ჯგუფად განაწილდნენ და შეეეცადნენ კონკრეტული ქვეყნის პოზიციიდან გაეკეთებინათ არჩევანი შემოსავლების ზრდაზე მუშაობასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას შორის. დასაწყისში ყველა მოთამაშე კაპიტალის დაგროვებაზე ფიქრობდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ფინანსური პრიორიტეტი მათ ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა და საბოლოო ჯამში გააღარიბებდა. ამ მიგნებამ მოთამაშეები აიძულა კავშირები მოეძებნათ, მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და გაღარიბებასთან ერთად გარემოს დაბინძურებაც შეემცირებინათ.

დემოკრატიის ბანაკმა უმასპინძლა რამდენიმე ქალაქის მერს ნიდერლანდებიდან და მოიწვევს ხუთი ქართული ქალაქის მერს – თბილისი, გორი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი. ერთობლივი მინი კონფერენცია ბანაკის მონაწილეებისათვის იყო გამოცდილების გაზიარების, მსჯელობისა და იდეების გაცვლის საშუალება ქალაქების განვითარების მოდელებთან დაკავშირებით, რამაც საუკეთესო ნიადაგი მოამზადება ღონისძების დასკვნითი ეტაპისთვის, როცა ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გორის დემოკრატიის სკოლის სტუდენტები, რომლებიც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს წარმოადგენენ, თავიანთი ქალაქის მერთან თანამშრომლობით და ევროპელი მერებისა და ექსპერტების მოდერატორობოთ ქალაქის განვითარების ხედვაზე ჯგუფურ მუშაობას შეუდგნენ.

ბანაკის სასწავლო სესიებზე მიღებული ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე საკუთარი ქალაქების თავისებურებების გათვალისწინებით ბანაკის მონაწილეებმა, თავიანთი ქალაქების მერებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების კონცეფციებზე მუშაობა დაიწყეს. ბანაკში მოწყობილ ვორკშოპში აქტიურად ჩაერთვნენ ჰოლანდიელი მერებიც. ბოლო სამუშაო დღე ოთხი ქალაქის – თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის განვითარების გეგმის წარმოდგენით დასრულდა. თავის მხრივ ბანაკში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს ქართველმა მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. თვალსაჩინოა, რომ დემოკრატიის ბანაკში გამართულმა დისკუსიებმა საფუძველი ჩაუყარა ქალაქების ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის უფრო გრძელვადიანი და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო თანამშრომლობის ფორმატის შექმნას, რომელიც ბანაკის დასრულების შემდგომაც განაგრძობს მუშაობას.

დისკუსიები, კითხვა-პასუხის სესიები და დებატები ბანაკის დღის წესრიგის ნაწილი იყო ყველა ეტაპზე. ნიშანდობლივია, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესობა ნიმდის მხარდაჭერით უკვე ახორციელებს მცირე პროექტებსა და ადვოკატირების კამპანიებს, რომლებიც ურბანული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებს ეხება. ადვოკატირების კამპანიები ნიმდის და “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” ერთობლივი მცირე გრანტების პროგრამის ნაყოფია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებს შექმნან ორგანიზაციული კოალიციები და იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე თავიანთი ქალაქების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ადვოკატირების კამპანიის გუნდები ბანაკში მიღებულ გამოცდილებას და პროფესიულ მასალებს მათი პროექტებისათვის სამომავლო მხარდასაჭერის მისაღებადაც გამოიყენებენ.

11 ივნისს საზეიმოდ, კლასიკური მუსიკის ფონზე დაიხურა NIMD დემოკრატიის ბანაკი 2015. ბანაკის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ, დაჯილდოვდნენ ნიჩბოსნობისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულები, გამოვლინდა ბანაკის ყველაზე აქტიური მონაწილე და „დემოკრატიის ლიდერი 2015“.