გაიცანით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დემოკრატიის სკოლებიდან

ვანო გალახვარიძე, ოთარ კვირიკაშვილი, შაქრო ტერტერაშვილი და ლევან ქინქლაძე თელავის დემოკრატიის სკოლიდან; ანა ბალიაშვილი – გორიდან, ლელა სებუა ქუთაისის დემოკრატიის სკოლიდან; არმაზ ბახტაძე, მალხაზ ნაკაშიძე და ნინო ტავლალაშვილი კი ბათუმიდან – NIMD დემოკრატიის სკოლების 9 კურსდამთავრებული საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

საქართველოს ოთხ ქალაქში, NIMD დემოკრატიის სკოლები პოლიტიკაში ჩართულ და პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს უყრის თავს. სასწავლო პროგრამა ისეა აწყობილი, რომ მსმენელებს დემოკრატიული პოლიტიკის, ღია საზოგადოების, ეფექტიანი მმართველობის ძირითადი პრინციპები გააცნოს და ანალიზის, დაგეგმვის, ლიდერობისა და პოლიტიკური გავლენის მოსახდენად აუცილებელი უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც პირველი დემოკრატიის სკოლა თელავში გაიხსნა, საქართველოში უკვე მეოთხე არჩევნები ტარდება. გასული წლების მსგავსად, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები წლევანდელ არჩევნებშიც ერთვებიან.  წლევანდელი შედეგი ასეთია: მაჟორიტარი დეპუტატობის 9 კანდიდატი, რომელთაც „ნიმდელობა“ და საერთო ფასეულობები აერთიანებთ, სხვადასხვა პარტიის სახელით საარჩევნო მარათონში ებმებიან.

ზოგიერთი კანდიდატისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველია, ნაწილს კი აქვს მსგავსი გამოცდილება. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე  დემოკრატიული ცვლილებების სურვილმა და ცვლილებებისათვის აქტიური ბრძოლის ჟინმა მიიყვანა. „პოლიტიკაში ჩემი გადასვლის მთავარი მოტივატორი იყო ერთი მხრივ, დაგროვილი გამოცდილება და მეორე მხრივ, მუდმივი კითხვები იმის შესახებ, თავად რატომ არ ვცდილობდი ხელისუფლებაში მოსვლას. „იქნებ უფრო კონფორტულია გარედან ყურება, რადგან გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების,“ – მეუბნებოდნენ სახელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები. ალბათ, მართლაც დროა უკეთესობისკენ ცვლილებებში თავად მივიღო მონაწილეობა, ავიღო ინიციატივა“ – ამბობს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ტავლალაშვილი, რომელმაც პოლიტიკურ პარტიაში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ გადაინაცვლა.

ანა ბალიაშვილი გორიდან, რომელმაც გამოცდილება მედიაში, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მოღვაწეობით დააგროვა, იმაზე საუბრობს, რომ პოლიტიკური პროცესები ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას და ამ პროცესს აქტიური მოქალაქე ვერ გაემიჯნება: „ჩვენი ყოველდღიურობა პოლიტიკაა, სკოლაში შვილის წაყვანაც, ბაზარში საყიდლებზე წასვლაც და არჩევნებში მონაწილეობაც. დღეს ჩემი პარტიულ პოლიტიკაში ჩაბმა ერთ-ერთი ბერკეტია, რომ უშუალოდ ჩავერთო  გადაწყვეტილების მიღების პროცესში… მივიღებ მონაწილეობას ყველა კანონპროექტის შემუშავებაში, რაც დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

მოტივებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კანდიდატი დემოსკოლელები ისეთ მტკივნეულ თემებს ეხებიან, როგორიცაა უმცირესობების ჩართვა საჯარო ცხოვრებაში, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა აქტიურ პოლიტიკაში, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რეალური თვითმმართველობის განხორციელება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ლოკალურად გადაჭრის პრაქტიკის დამკვიდრებით და სხვა.

ლელა სებუას, ქუთაისიდან, რომელიც საჯარო სექტორიდან მოვიდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით პირველად ჩაერთო არჩევნებში, თავისი მოღვაწეობით პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა სურს:  „მინდა მეტი ქალი შევიდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და 2016 წლის მოწვევის პარლამენტში განვიხილოთ მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა ყოფის გაუმჯობესებას ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში. მხარს ვუჭერ, მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ქვეყნის არჩევით ორგანოებში როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“.

ოთარ კვირიკაშვილი თელავიდან, რომელსაც 9-წლიანი პოლიტიკური გამოცდილება დაუგროვდა, ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უმცირესობების ინტეგრაციაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვიბრძოლებ ეროვნული უმცირესობების მეტი ინტეგრაციისთვის, იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო დონეზე გვაქვს. სხვა შემთხვევაში ვერასოდეს გვექნება სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო. მეტი ინტეგრაცია მოგვიტანს უფრო მეტად ძლიერ საზოგადოებას და წელში გამართულ ქვეყანას“.

თელაველი ვანო გალახვარიძე, რომელიც ასევე გამოცდილი პოლიტიკოსია, რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობს: „ქვეყნის განვითარება უნდა იწყებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან. დღეს საქართველოში გვაქვს სერიოზული პრობლემა ამ კუთხით. გამგეობა არ გავს გამგეობას და საკრებულო საკრებულოს. გუბერნია კი ზედმეტი რგოლია, რომელიც თვითმმართველობის ორგანოებს ხელს უშლის დამოუკიდებლად გადაჭრან ადგილობრივი პრობლემები. მკაცრად უნდა იყოს გაწერილი თითოეული ამ რგოლის ფუნქციები და არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება უხეშად ჩაერიოს თვითმმართველობის განხორციელებაში“.

„მიუხედავად მათ შორის პარტიული განსხვავებებისა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე დგანან და ბევრ პოზიტივს მოიტანენ ქართულ პოლიტიკაში. წარმატებები მეგობრებო, ნამდვილ და კარგ შეჯიბრს გისურვებთ,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორი.

NIMD გამოცდილებამ საინტერესო როლი ითამაშა კურსდამთავრებულების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი ნაწილი ამბობს, რომ პარტიულ პოლიტიკაში წასვლა ან კიდევ ახალი ინიციატივების აღება მეტწილად უკავშირდება დემოკრატიის სკოლებში გატარებულ პერიოდს, აქ მიღებულ უნარებს, გამოცდილებასა და დამყარებულ კავშირებს.

არმაზ ბახტაძე, ბათუმი: „აქ ვისწავლე თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკოსი, რა ღირებულებების სადარაჯოზე უნდა იდგეს და როგორ უნდა მოახერხოს თავისი იდეების პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება. ცოდნა, რომელიც დემოკრატიის სკოლამ  შემძინა, ფასდაუდებელია. ჩემი პოლიტიკური აქტივობისა და მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ნიმდში მიღებული განათლებაა“.

ვანო გალახვარიძე, თელავი: „NIMD არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ზრუნავს პიროვნების განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ადამიანის წარმატებას პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დემოკრატიის სკოლამ დამაკავშირა საჭირო და საინტერესო ადამიანებს, დამარწმუნა იმაში, რომ მეც შემწევს ძალა ვემსახურო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს“.

ოთარ კვირიკაშვილი, თელავი: „დემოკრატიის სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ შემძინა თავდაჯერებულობა და რაც ყველაზე მთავარია, კავშირები. ყოველ წუთს ვგრძნობ ნიმდელების მხარდაჭერას მთელი საქართველოდან. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც საერთო ხედვებს  და საერთო ღირებულებებს ეფუძნება“.

ნინო ტავლალაშვილი, ბათუმი: „დემოკრატიის სკოლამ  მნიშვნელოვანი  გამოცდილება შემძინა. აქ ვისმენდი არა მხოლოდ კარგ ლექციებს პროფესიონალი სპეციალისტებისგან, არამედ სხვადახვა ფორმატის ფარგლებში მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრის საშუალებაც მქონდა.  ყოველთვის ვეთანხმებოდი აზრს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენაა საჭირო, თუმცა ცვლილებების დაწყებას საკუთარი პერსონით ვერ წარმოვიდგენდი. ეს გამოწვევა  ჩემთვის რთული მისაღები იყო, თუმცა გავბედე“.

კურსდამთავრებულების აქტიურ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის, რომელიც მრავალპარტიული დემოკრატიის გაძლიერებისა და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისთვის მუშაობს: „დემოკრატიის სკოლების ფუნქციონირების, სწავლებისა და ჩართულობის იდეა, სრულად ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს. ამ ქსელის წევრი ადამიანები კი სწორედ იმ ძალად წარმოგვიდგენია, რომელთა გარეშეც პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად, მთელი პოლიტიკური სისტემა დემოკრატიული ვერ გახდება. ვიაზრებთ რა მათ სამომავლო, განმსაზღვრელ წვლილს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების საქმეში, NIMD მხარს უჭერს კურსდამთავრებულების ჩართულობას აქტიურ, პარტიულ პოლიტიკაში“, – ამბობს მარიამ ჩიხლაძე, NIMD დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.