აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დღეს როგორც მნიშვნელოვანი და საინტერესო მედიაპლატფორმა, ხშირად არის განხილვისა და მსჯელობის თემა. რეგიონული მაუწყებლის მომავალზე, განვითარების გზებზე, გამოწვევებზე კითხვები ხშირად ისმება. ტელევიზიაში დაწყებული პროცესი – სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, წარმატებულია და მის, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გამავრცელებლის როლს ხაზს უსვამენ მედიაექსპერტები თუ მოქალაქეები.

თუმცა, ამის პარალელურად, ტელევიზიას აქვს გამოწვევები, პრობლემები, სჭირდება განვითარება და უფრო მყარ და მრავალფუნქციურ მედიაპლატფორმად ჩამოყალიბება. EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა სწორედ ამ საკითხებზე სამსჯელოდ დაიგეგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ტელევიზიის ძველი და ახალი თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წევრები, ჟურნალისტები და დემოკრატიის სკოლის მსმენელები.

შეხვედრის მონაწილეების  თქმით,  დღეს მაუწყებლის გამოწვევა აღარ არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ  დგას ბევრი სხვა პრობლემა, რომელთა ეფექტური დაძლევა მისი განვითარების წინაპირობაა. აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ნათია ზოიძემ, რომელიც ამჟამად რეგიონში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ მისთვის მთავარი გამოწვევა ტელევიზიაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ზვიად ელიზიანმა, ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის (BIAFF) მენეჯერმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ აჭარის ტელევიზია დღეს თავს აღიქვამს მხოლოდ საინფორმაციო ჭრილში და პროგრამული, შემოქმედებითი და კრეატიული მიმართულებით განვითარება არ ხდება.

თავის მხრივ, მაუწყებლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ტელევიზიასა და რადიოს. მათ შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა მცირე დაფინანსება. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. პროცენტული წილის გაზრდაზე მსჯელობა წლებია მიდის, თუმცა ცვლილება ამ მხრივ არ ხდება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო არ უჭერს მხარს ამ ინიციატივას.

მრჩეველთა საბჭოს მხრიდან აქცენტი გაკეთდა თანამშრომლების შრომით უფლებებზე, რაც რამდენიმე მიმართულებით საჭიროებს ყურადღებას: ერთი მხრივ, შეუსაბამო, საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო და მეორე მხრივ, არასტაბილური სამუშაო ხელშეკრულებები და დაბალი ხელფასები.

შეხვედრა შეეხო რადიო „თავისუფლების“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც. ნათია კაპანაძემ, მაუწყებლის დირექტორმა, აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზიის წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება ეთერში რადიო „თავისუფლების“ გადაცემების განთავსებას.  გამოითქვა იმედი, რომ ცვლილებები რადიოში არ იმოქმედებს „თავისუფლებისა“ და აჭარის მაუწყებლის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე სხვა საინტერესო იდეებიც გაჟღერდა. მაგალითად, როგორიცაა აჭარის მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუსა და სხვადასხვა ანალიტიკური გადაცემების არსებობა. ისეთი გადაცემების, რომელიც არამხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირებას მოახდენს, არამედ გადაჭრის გზებზეც ისაუბრებს და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსაც ჩართავს პროცესში. ითქვა ისიც, რომ საჭიროა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განმანათლებლის ფუნქცია იტვირთოს და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროდუქტი შექმნას ტელევიზიაში.

მსჯელობისას დაისვა საკითხი მაუწყებელთან საზოგადოებრივი საკონსულტაციო ჯგუფების არსებობის შესახებ, რაზეც მენეჯმენტის მხრიდანაც მზაობა გამოითქვა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა მაუწყებელს კანონითაც ევალება და ამასთან, ეხმარება მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების გამოვლენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში. მისივე თქმით, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში გამართული შეხვედრაც საზოგადოებრივი ჩართულობის ერთ-ერთი ფორმაა და მსგავსი დისკუსიები მაუწყებლის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.