არჩევანი – გონიერი ქალაქები

ქალაქდაგეგმარება, ურბანული მენეჯმენტი და ადამიანზე მორგებული “ჭკვიანი” ქალაქების კონცეფცია წელს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) დემოკრატიის განათლების პროგრამის აქტივობების მთავარი თემებია.
ურბანული მენეჯმენტის საკითხმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული აქტუალობა 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების ფონზე შეიძინა. მომხდარმა წყალდიდობამ, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, შენობების ნგრევა-დაზიანება, ქუჩების გადარეცხვა, ზოოპარკის განადგურება და სხვა, ჯერ კიდევ დაუთვლელი და გაუაზრებელი ზარალი მოჰყვა, გაამძაფრა ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების აღქმა და მეტი დისკუსიისა და გამოსავლის ეფექტიანი გზების ძიების მოთხოვნა გააჩინა.

დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის ფარგლებში ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში მოღვაწე აქტიურ ადამიანებს NIMD სამუშაო გარემოს უქმნის და მათ ქალაქების განვითარების გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებაზე მუშაობისკენ უბიძგებს.

ქალაქური ცხოვრების წესის მიმზიდველობა ქალაქების როლის განუხრელ ზრდას იწვევს. ურბაზანიციის დაჩქარებულ ტემპს კი განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის მრავალი პრობლემის მოტანა შეუძლია – არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მსხვილი ინვესტიციების წახალისების მიზნით, დაჩქარებულ ტემპში, ყოველგვარი სტრატეგიული გააზრებისა და ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზის გარეშე განხორციელებული ქალაქდაგეგმარება ვერ უზრუნველყოფს ადამიანური ყოფისათვის აუცილებელ პირობებს. მეტიც, ამას მოყვება ქალაქების იერსახის დამახინჯება, გარემოს დაბინძურება, საცხოვრებლად არაკომფორტული პირობების ჩამოყალიბება.

ფაქტია, რომ იმ გამოწვევების უმრავლესობა, რომელიც დღეს ჩვენი ურბანული გარემოს წინაშე დგას, მსოფლიოს ქალაქებში განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე უკვე შეფასდა და გადაილახა. საქართველოში კი ჯერ-ჯერობით არ არსებობს საქართველოს მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმა. შესაბამისად, კონკრეტული ქალაქების ფუნქციები ქვეყნის სოციალურ-ეკნომიკური განვითარების კონტექსტში არ არის დანახული.

ურბანული პოლიტიკის ასპექტების შესწავლის, განხილვისა და გადაჭრისთვის ნიმდმა რამდენიმე მსხვილი ღონისძიება დაგეგმა და განათლების პროგრამის მონაწილე დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებს საქართველოს ოთხი ქალაქიდან მსჯელობისთვის რამდზენიმე ასპარეზი შესთავაზა. შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საგრანტო პროექტები და დემოკრატიის ბანაკი, მთავარი თემით – ქალაქები.

პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის სკოლების წარმომადგენლების ორი ერთობლივი სემინარის მოწყობა რამდენიმე ძირითადი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტიური მოქალაქეების საინიციატივო ორგანიზაციებს შორის სუსტი ინსტიტუციონალური ურთიერთკავშრია, თანამშრომლობის სივრცე კი აუთვისებელი. შესაბამისად, ნაკლებია თემატური დისკუსიის, არგუმენტირებული დებატების, პროფესიული კაშირების ჩამოყალიბებისა და იდეათა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობებიც. ერთობლივი სემინარების მთავარი ამოცანა სწორედ ერთი მხრივ, თანამშრომლობის სივრცის შექნასა და მეორე მხრივ, ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვის ხელშეწყობაში მდგომარეობდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები ერთვებიან პოლიტიკის შესახებ დისკუსიაში, ამყარებენ კავშირებს და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს ეძებენ.

ამა წლის მარტსა და მაისში ჩატარებული ორი შეხვედრა ქალაქის პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებსა და ქალაქების ფუნქციების ძიების საკითხებს მიეძღვნა. ითქვა, რომ გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში, ქალაქი არათანმიმდევრულად ვითარდება, რაც მას მიმზიდველობასაც უკარგავს და თავის მაცხოვრებლების მოთხოვნებსაც აშორებს. ამის თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია შეიქმნას კონკრეტულ ქალაქებზე მორგებული კონცეფციები, რომლებიც ქალაქის სოციალურ-კულტურულ კონტექსტსაც გაითვალისწინებს და მას ქალაქის ბინადრების სურვილებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფაზე ორიენტირებულს გახდის. დემოკრატიის სკოლების წარმომადგენლებმა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრეს ისეთ საკითხებს შეეხენ, როგორიცაა ელექტრომობილების შემოყვანა და პოპულარიაზაცია, საწვავის ხარისხის კონტროლი, მშენებლობის დაგეგმარება დასასვენებელი სივრცეებისა და პარკირების ადგილების გათვალისწინებით, ნარჩენების კლასიფიკაციის წახალისება და სეპარირებული მასალების გადამუშავება, ქალაქდაგეგმარების პროცესში მოსახლეობისა და სპეციალისტების ჩართვა.

თავიანთი ქალაქების გასაუმჯობესებლად დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ადვოკატირების პროექტებსაც ახორციელებენ, რომლებიც ურბანული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებს ეხება.

ქალაქის ახალი ურბანული ქსოვილის შექმნაში კულტურული ასპექტების გათვალისწინება რომ მნიშვნელოვანია, ეს გახდა პროექტის – „ძველი ქალაქის თანამედროვე იერსახეს“ მთავარი იდეა. პროექტი საქართველოს ოთხ ქალაქში მუშაობს და ისტორიული შენობების თანამედროვე სახის ფოტოგადაღებასა და მათ ძველ ფოტოვერსიებთან შედარებას ახდენს. ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში მდებარე შენობების ახლანდელ მდგომარეობას ფოტოგრაფები უკვე აღწერენ, საარქივო საცავებიდან კი შენობების ძველი გამოსახულებების მოძიება ხდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოპოვებული მასალები სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე აიტვირთება, სადაც ქალაქების რუკებზე შენობების განლაგების ადგილებიც მოინიშნება. პარალელურად, ფოტოების გამოფენა მოეწყობა ოთხივე ქალაქში.

მსგავსი ფოტოარქივის შექმნით ისტორიული შენობების პოპულარიზაციას შეეწყობა ხელი და ამასთანავე, ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს – ხელისუფლების წარმომადგენლებს, მკვლევარებს, ქალაქის მაცხოვრებლებს წვდომა ექნებათ ერთიან ბაზაზე.

კიდევ ერთი პროექტი – „ჩართე ქალაქი“ გორის ყველაზე დიდი პარკის კეთილმოწყობისთვის დაიგეგმა და პარკის ტერიტორიაზე უკაბელო ინტერნეტისა და ინტერნეტრადიოს მაუწყებლობის გავრცელებას გეგმავს. პროექტის ავტორები გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც გასულ წელს, ნიმდის ადვოკატირების პროექტების ფარგლებში ინტერნეტრადიო – newradio.ge ჩამოაყალიბეს და რადიოს ეთერით საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება დაისახეს მიზნად. ახალგაზრდობის პრობლემები, განათლების საკითხები, ინოვაციური იდეები, აქტიური მოქალაქეების მიგნებები რადიოგადაცემების ძირითადი საკითხებია. სწორედ ამ რადიოს მაუწყებლობის გავრცელება იგეგმება გორის პარკში. წელს კიდევ ერთი გადაცემა – „ჩემი ქალაქი“ დაემატება რადიო ბადეს და გორელ მსმენელს ქალაქების განვითარების შესახებ მოუყვება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლებთან აქტიურ დისკუსიას შესთავაზებს.

ქალაქების განვითარების თემაზე მუშაობის კულმინაცია დემოკრატიის ბანაკი იყო.. ერთკვირიან ღონისძიებაზე დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები ურბანული დაგეგმარების საკითხებს სფეროს ექსპერტებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ქართველ და უცხოელ მერებთან ერთად განიხილეს და და აქტიური სწავლების რეჟიმშიქალაქების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაზე იმუშავეს.

ბანაკში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელება და დემოსკოლელების თვითმმართველობებთან აქტიური კავშირის შენარჩუნება ნიმდის კიდევ ერთი ამოცანაა. მსგავსი ღონისძიებებით ორგანიზაცია ცდილობს სამოქალაქო აქტივისტები გადაწყვეტილებების მიმღებებთან დააკავშიროს და მათი ერთობლივი მუშაობა წაახალისოს.