2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სექტემბერსა და ოქტომბერში, EECMD დემოკრატიის სკოლები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს, მასპინძლობდა. შეხვედრები საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, გაიმართა, იმისთვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონოდათ მეტი ინფორმაცია პარტიების ხედვებსა და საარჩევნო პროგრამებზე, ასევე, უშუალოდ კანდიდატებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ქუთაისში გამართულ შეხვედრებში მერობის კანდიდატებიც მონაწილეობდნენ – წელს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ქუთაისის მერის არჩევნებიც ჩატარდა. ასევე, ბათუმის შეხვედრები მასპინძლობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსაც – აჭარაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებიც გაიმართა.
ამ ფორმატით სულ 16 შეხვედრა გაიმართა და მათში მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ოპოზიციურმა და სახელისუფლებო კანდიდატებმა. აღსანიშნავია, თელავსა და ქუთაისში გამართული გაერთიანებული შეხვედრები, რომლებსაც ერთად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მათ დებატების ფორმატში მოუწიათ პროგრამების წარდგენა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
ბათუმში გამართული შეხვედრებისას რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხს შეეხო მსჯელობა – ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი და კრიზისულ პერიოდში ამ სფეროს მართვა, ჯანდაცვის სფეროს პრობლები, სუსტი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხი. ასევე, ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა ბათუმის ურბანული პრობლემებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, რომლებიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მოხსენების ნაწილი იყო. ამ თემებს მიეძღვნა EECMD-ის პროექტის Drive Democracy-ის ჯგუფის მიერ შექმნილი აჭარის რეგიონის გზამკვლევი – „საზოგადოების ჩართულობა ბათუმის ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“. დოკუმენტის ავტორებმა გზამკვლევში შესული საკითხები შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წევრებს გააცნეს და დისკუსიისას თავიანთ მიგნებებზეც ისაუბრეს. ხუთივე პარტიის წარმომადგენელი დაინტერესდა დოკუმენტით და ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ნაწილმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს საკითხები მათ საარჩევნო პროგრამებში უკვე მოხვდა და მომავალშიც ამ მხრივ აქტიურად იმუშავებენ.
გორში შეხვედრებისას გამოიკვეთა მცოცავი ოკუპაციისა და დეოკუპაციის საკითხი, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის თემა, წამოიჭრა ერგნეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეაც. ასევე, განიხილეს შიდა ქართლში მცირე მეწარმეობის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხებიც, ისაუბრეს ახალგაზრდების გააქტიურებასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებს – გორში მცირე მეწარმეობის განვითარებასა და ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის მულტიფინქციური სივრცის „მედიათეკის“ შექმნას, შეეხება გორში DRIVE Democracy ჯგუფის მომზადებული ორი რეგიონული გზამკვლევი, რომლებიც აქტიურად განიხილებოდა პარტიებთან შეხვედრებისას.
გორის შეხვედრების ერთ-ერთი თემა იყო თვითმმართველობის გაძლიერების საკითხიც. მაგალითად, „ლელო საქართველოს“ წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ლობირებას გაუწევს გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებას და სრულ დეცენტრალიზაციას.
თელავში გაერთიანებული ფორმატის შეხვედრები გაიმართა, რა დროსაც პოლიტიკოსებს, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიებიდან, თავიანთი პროგრამების წარმოდგენა და დამსწრეთა შეხვედრებზე პასუხის გაცემა დებატების რეჟიმში მოუწიათ. თელავის შეხვედრებისას გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის გაძლიერება და ხელშეწყობა, რეგიონში უთანაბრობის შემცირება დედაქალაქთან და სხვა დიდ რეგიონებთან შედარებით, ახალგაზრდების, ქალების, ეთნიკური უმცირესობების გააქტიურება და ჩართულობის ზრდა.
ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრებზე იმერეთის რეგიონში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გაკეთდა აქცენტი, მათ შორის – რეგიონში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია, პარლამენტის დაბრუნების საკითხი და ქუთაისის საპარლამეტო ქალაქად გადაქცევის ხელშეწყობა, რეგიონში აეროპორტის უპირატესობის გამოყენება და ქალაქში ინდუსტრიული ჰაბების მოწყობა, თვითმმართველობის გაძლიერება და ადგილობრივი ინიციატივების წახალისება.
თბილისში გაერთიანებული ფორმატის ერთი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც ექვსი ქალი კანდიდატი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა კანდიდატებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ფორმირების ხელშეწყობას, პარტიული პროგრამების გაცნობასა და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, მათ შორის გენდერულ ჭრილში.
გარდა საგნობრივი დისკუსიისა და საარჩევნო გეგმების განხილვისა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალების აქტიურ ჩართულობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალი პოლიტიკოსების როლსა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც კანდიდატებს გააჩნდათ სტერეოტიპულ გარემოში არსებულ ბარიერებთან მიმართებით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები პროექტ – “დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების გაძლიერება საქართველოში პარტიების პროგრამებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის გზით” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე EECMD დემოკრატიის სკოლებმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.