ქუთაისისა და თელავის დემოკრატიის სკოლებში ქალაქის მერები მოქალაქეებს შეხვდნენ. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ინიციტივა – მერებს დემოკრატიის სკოლებში ერთი წლის საქმიანობა შეეჯამებინათ და მოქალაქეების შეკითხვებისთვისაც ეპასუხათ, საინტერესო და ინტერაქტიული გამოვიდა. ასეთი შეხვედრა გასულ წელსაც შედგა, როდესაც ქალაქის მერებმა დემოკრატიის სკოლებში საქმიანობის 100 დღე შეაჯამეს.
თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა თელაველებს დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებზე, ტურიზმის განვითარებაზე.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, 2018 წელს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა სულ 26 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.8 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. თუმცა, როგორც მერი აღნიშნავს, გასულ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებზე გამოყოფილი თანხების ათვისება სრულად ვერ მოხერხდა: „მიმდინარე წელს უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს და დროულად მოხდეს როგორც პროექტების შემუშავება, ისე ტენდერების ჩატარება და განხორციელება.“ ასევე, გამკაცრდა მერიის საზედამხედველო სამსახურის ფუნქციები, რის საფუძველზეც ქალაქში ყველა ობიქტს, რომლებიც იყენებენ ტროტუარებს, ეგზავნება გაფრთხილების წერილები და ჯარიმები, ასეთი პრაქტიკის შესაცვლელად.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა მერს კითხვები დაუსვეს, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას შეეხებოდა. ერთ–ერთი შეკითხვა ქალაქის გენერალურ გეგმის შესახებ დაისვა, თუ რა ეტაპზეა გენგეგმის შემუშავება და როდის მოხდება მისი დამტკიცება. მერმა აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაასრულა უკვე მუშაობა და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლომდე საკრებულო მიიღებს დოკუმენტს. აქვე ისიც თქვა, რომ რამდენიმე მსხვილ მშენებლობაზე ნებართვა გენგეგმის დამტკიცებამდეც არ გაიცა.
თელავის მერმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობის გაუმჯობესებაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის, ასევე, ინიციატივების მიმართულებით: „თელავშიც ვგეგმავთ გაკეთდეს თბილისის მსგავსი ფორმატი – „ჩემი იდეა თელავის მერს“, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მერიას შესთავაზონ სხვადასხვა იდეები“. ასევე, შეიქმნება მერიის მრჩეველთა საბჭო და სხვადასხვა თემატური თუ პროფესიული საკონსულტაციო საბჭოები, რომლებშიც დიდწილად მოქალაქეები ჩაერთვებიან.
შეკითხვები ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში სტუმრად მყოფ მერს – გიორგი ჭიღვარიასაც დაუსვეს ქუთაისელებმა. კითხვები აქაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, თუ რა ეტაპზეა „თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის საკითხი. მერმა აღნიშნა, რომ სამუშაოების ჩატარებისთვის შერჩეულმა კომპანიამ არაკეთილსინდისიერად იმუშავა, რის გამოც მას სანქციები და ფულადი ჯარიმები დაეკისრა.
კითხვები შეეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს. ქუთაისში მგზავრების გადაყვანა ამ დრომდე კერძო სამარშუტო ტაქსებით ხდება, რის გამოც ქალაქში მაცხოვრებლები ვერ სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტის სიკეთეებით და სატრანსპორტო სოციალური პაკეტებით. მერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD).
აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციალურმა პროექტებმა. როგორც მერის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მიმართულებით 2018 წელს ბიუჯეტი გაიზარდა და სამედიცინო დახმარების პროგრამით 2820-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ჯამში, თანადაფინანსების სახით, ბიუჯეტიდან 710 ათასი ლარი მიიღეს.
მერმა თავის ანგარიშში უკვე განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდისათვის უკვე დასრულებულია 141 ობიექტის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რომელზეც ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 5.6 მლნ. ლარი დახარჯა. რამდენიმე ათასი ლარი დაიხარჯა ლიფტების, სადარბაზოების, სპორტული მოედნებისა და მსგავსი ადგილების რეაბილიტაციაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა საბავშვო ბაღების რემონტისა და ახალი ბაღების მშენებლობისთვისაც გამოიყო.
თელავისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებს სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი ყოველთვის ცდილობს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის მსგავსი ფორმატის შეხვედრების ორგანიზებას, ანგარიშვალდებულებითი, გამჭვირვალე და მონაწილეობითი დემოკრატიის გასაძლიერებლად. ქალაქის მერების ვიზიტები იგეგმება ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლებშიც.