2017 წლის 9-10 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, კახეთის რეგიონის ახლადარჩეულ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესისა და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოკა კიღურაძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – მერიისა და საკრებულოს – ახლადარჩეული ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურების უფროსები, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი და რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კახეთის შემდეგი მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერები, საკრებულოს თავჯდომარეები და საფინანსო სამსახურის უფროსები: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარელი.
ტრენინგის დასაწყისში, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებაზე. ღონისძიების პირველი დღე ძირითადად შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასა და თვითმმართველობის ფინანსური გარანტიების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო პრაქტიკის მიმოხილვას. ამავდროულად, განხილული თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო კალენდარი, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამული სახე.
ტრენინგის მეორე დღეს ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ბიუჯეტის შედგენა-დამტკიცებასა და ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების პროცედურებზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნისა და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხს. გარდა ამისა, განხილვის საგანი იყო ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლის სისტემა, სახელმწიფო ტრანსფერების, სესხებისა და გრანტების საკითხები.
ტრენინგი მონაწილეთა მაღალი ჩართულობისა და მუდმივი დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა. გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა, მონაწილეების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მიერ შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობები, თანამშრომლობა კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.