სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკა
პოლიტიკის განაცხადი
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა დასაქმებულთათვის უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და შევიწროებისაგან სამუშაო დროს ადგილზე, სექსუალური შევიწროების ჩათვლით. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების რაიმე ფორმის გამოვლენის მიმართ EECMD-ში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ორგანიზაცია სერიოზულად მიუდგება ყველა ინციდენტს და დროულად გამოიძიებს სექსუალური შევიწროების ყველა ბრალდებას. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც დაუდგინდება სხვა ადამიანის სექსუალური შევიწროების დანაშაული, დაექვემდებარება დისციპლინარულ სასჯელს, სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით. სექსუალური შევიწროების შესახებ ყველა საჩივარი იქნება სერიოზულად აღქმული და დაექვემდებარება დისკრეციულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას. საჩივრის წარდგენა არ გამოიწვევს მისი წარმდგენის ვიქტიმიზაციას.
სექსუალური შევიწროების დეფინიცია
სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება, რომელიც ადამიანს თავს შეურაცხყოფილად, დამცირებულად და/ან დაშინებულად აგრძნობინებს. ის მოიცავს ვითარებებს, როცა ადამიანს დასაქმების ან სხვა ტიპის სამსახურეობრივი სარგებლის სანაცვლოდ, სექსუალურ ქმედებაში ჩართვა მოეთხოვება, ისევე, როგორც ვითარებებს, სადაც სექსუალური შევიწროების სამიზნისათვის მტრული, მუქარის შემცველი და დამამცირებელი გარემოა შექმნილი.
სექსუალური შევიწროება მოიცავს ერთ ან მეტ ინციდენტს, ხოლო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ქმედებები შეიძლება იყოს ფიზიკური, ვერბალური და არავერბალური ხასიათის. სექსუალური შევიწროება გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, თუმცა არა მხოლოდ მათ:
ფიზიკური ქმედება:
- არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, მათ შორის ხელის მოთათუნება, ჩქმეტა, ხელის მოსმა, კოცნა, ჩახუტება, მოფერება ან შეუსაბამო შეხება;
- ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობის ჩათვლით;
- სამსახურთან დაკავშირებული მუქარის ან წახალისების გამოყენება სექსუალური უპირატესობის მისაღებად.
ვერბალური ქმედება:
- კომენტარები დასაქმებულის აღნაგობაზე, ასაკზე, პირად ცხოვრებასა და სხვა;
- სექსუალური კომენტარები, ისტორიები და ხუმრობები;
- სექსუალური უპირატესობის მიღება;
- განმეორებადი და არასასურველი მიწვევა შეხვედრაზე ან ფიზიკური სიახლოვის შეთავაზება;
- დასაქმებულის სქესის ნიშნით შეურაცხყოფა;
- უპირატესობის ხაზგასასმელი და პატერნალისტური კომენტარები;
- სექსუალურად ღია მესიჯის გაგზავნა (ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა რაიმე საშუალებით).
არავერბალური ქმედება
- სექსუალურად გამომწვევი და უხამსი ნივთების ჩვენება;
- სექსუალურად გამომწვევი/ვულგარული ჟესტები;
- სტვენა;
- გამომწვევი მზერა.
სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, განურჩევლად როგორც მსხვერპლის, ასევე შემვიწროებლის სქესისა. EECMD მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროება, შესაძლოა, ასევე მოხდეს ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის. ქმედებისთვის სექსუალური შევიწროების კვალიფიკაციის მისაცემად, მნიშვნელოვანია, რომ ქმედება მიუღებელად და არასასურველად იყოს მიჩნეული იმ ადამიანის მიერ, ვის მიმართაც იგი ხორციელდება.
EECMD მიიჩევს, რომ სექსუალური შევიწროება ძალაუფლებრივი ურთიერთობების მანიფესტაციაა და ხშირად სამუშაო ადგილზე არათანაბარი ურთიერთობების პირობებში ხდება, მაგალითად მენეჯერს, ან ზედამხედველსა და დასაქმებულს შორის. ყველა ადამიანი, მათ შორის, EECMD-ის თანამშრომლები, პარტნიორები, დროებითი თანამშრომლები, კონტრაქტორები ან ვიზიტორები, რომელიც სექსუალური შევიწროებას ახორციელებს სხვა ადამიანის მიმართ, წინამდებარე შიდა პოლიტიკის შესაბამისად დაექვემდებარება ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ სანქციებს.
აკრძალულია ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროება როგორც EECMD-ის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, EECMD-ის მიერ ორგანიზებული/დაფინანსებული სოციალური ღონისძიებების, საქმიანი ვიზიტების, კონფერენციებისა და სატრენინგო სესიების ჩათვლით.
გასაჩივრების პროცედურები
ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა აცნობოს სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილ ადამიანს, რომ ქმედება მიუღებელი და არასასურველია. EECMD აღიარებს, რომ სექსუალური შევიწროება შესაძლებელია მოხდეს არათანაბარი ურთიერთობების პირობებში (მაგალითად, ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს შორის) და რომ მსხვერპლმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირის ინფორმირება.
თუკი მსხვერპლი ვერ შეძლებს შევიწროებაში ბრალდებული პირის უშუალო ინფორმირებას, მას შეუძლია მიმართოს სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრების მიღებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. სექსუალური შევიწროების ინციდენტების შესახებ მიმართვა უნდა შედგეს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ან ნანა კალანდაძის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სახელზე.
როდესაც პასუხისმგებელი პირი სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივარს მიიღებს, ის:
- დაუყოვნებლივ აღრიცხავს ინციდენტის თარიღს, დროსა და ფაქტებს;
- გაეცნობა მსხვერპლის შეხედულებებს მისთვის სასურველი შედეგის გარკვევის მიზნით;
- დაადგენს, აქვს თუ არა მსხვერპლს გაცნობიერებული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში არსებული პროცედურები;
- განიხილავს და დგამს შემდეგ ნაბიჯებს: არაფორმალური ან ფორმალური საჩივარი, იმ დაშვებით, რომ არაფორმალურად საკითხის გადაჭრის მცდელობა ხელს არ უშლის მსხვერპლის მიერ ფორმალური საჩივრის შედგენას, თუკი ის შედეგით არ არის კმაყოფილი;
- ინახავს ყველა დისკუსიის კონფიდენციალურ ჩანაწერს;
- პატივისცემით ეკიდება მსხვერპლის არჩევანს;
- უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლს ჰქონდეს ინფორმაცია ორგანიზაციის გარეთ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივრის შეტანის შესაძლებლობის შესახებ.
გასაჩივრების პროცესში, მსხვერპლს აქვს უფლება მიიღოს კონსულტაცია ორგანიზაციის შიგნით ან მის გარეთ. EECMD დაასახელებს რამდენიმე მრჩეველს/კონსულტანტს და მათ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დახმარების მიზნით სპეციალურად გადაამზადებს. თუ კი ორგანიზაციის თანამშრომლები ვერ შეძლებენ კონსულტაციის გაწევას, EECMD დაიქირავებს კვალიფიციურ და პროფესიონალ კონსულტანტებს. EECMD აღიარებს, რომ სექსუალური შევიწროება ხშირად ხდება სამუშაო ადგილზე არათანაბარი ურთიერთობების პირობებში, შესაბამისად, მსხვერპლი ხშირად ვერ ახერხებს შევიწროებაზე საუბარს. EECMD აცნობიერებს გასაჩივრების პროცესში მსხვერპლთა მხარდაჭერის საჭიროებას.
გასაჩივრების არაფორმალური მექანიზმი
თუ მსხვერპლს სურს საკითხის არაფორმალურად გადაწყვეტა, პასუხისმგებელი პირი:
- სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულს მისცემს საჩივარზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას;
- უზრუნველყოფს, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული იცნობდეს გასაჩივრების მექანიზმს;
- წარმართავს ორივე მხარეს შორის დიალოგს საკითხის არაფორმალურად იმგვარად გადაჭრის მიზნით, რომელიც მოსარჩელისათვის მისაღებია, ან ვითარების დასარეგულირებად მიმართავს ორგანიზაციის შიგნით პასუხისმგებელ მედიატორს;
- უზრუნველყოფს განვითარებული მოვლენების შესახებ კონფიდენციალური ჩანაწერების შენახვას;
- თვალს ადევნებს გასაჩივრების მექანიზმის შედეგს, არასასურველი ქმედების შეწყვეტის დადგენის მიზნით;
- უზრუნველყოფს ზემოთაღნიშნული პროცედურების სწრაფად და საჩივრის წარდგენიდან 5 დღეში განხორციელებას.
გასაჩივრების ფორმალური მექანიზმი
თუკი მსხვერპლს სურს ფორმალური საჩივრის წარდგენა ან გასაჩივრების არაფორმალურმა მექანიზმმა არ მოიტანა მსხვერპლისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი, საკითხის გადაჭრის მიზნით უნდა მოხდეს გასაჩივრების ფორმალური მექანიზმის გამოყენება.
ფორმალურ გამოძიებას წარმართავს ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც თავდაპირველად მიიღო საჩივარი. პასუხიმგებელმა პირმა საჩივარი უნდა განიხილოს თავად, ან საკითხი განსახილველად გადასცეს შიდა ან გარე გამომძიებელს; ან წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად მიმართოს სამი სხვა ადამიანისგან შემდგარ კომიტეტს საკითხის განხილვის მიზნით.
გამოძიების განმახორციელებელი პირი:
- ინდივიდუალურად გამოკითხავს როგორც მსხვერპლს, ისე შევიწროებაში ბრალდებულს;
- ინდივიდუალურად გამოკითხავს საკითხთან შეხებაში მყოფ მესამე მხარეს;
- გადაწყვეტს, მოხდა თუ არა სექსუალური შევიწროების ინციდენტ(ებ)ი;
- შექმნის გამოძიების შესახებ დეტალურ ანგარიშს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს;
- თუკი სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა, მსხვერპლთან კონსულტაციის გზით დაადგენს საკითხის გამოსწორების მსხვერპლისთვის მისაღებ შედეგს (მაგალითად, ბოდიშის მოხდა, სამუშაოს სტრუქტურის შეცვლა, მსხვერპლის სამსახურებრივი დაწინაურება იმ შემთხვევაში, თუკი სექსუალური შევიწროების შედეგად მისი ჩამოქვეითება მოხდა, ტრენინგი სექსუალური შევიწროების განმახორციელებელისათვის, დისციპლინური სასჯელი, დროებითი გათავისუფლება, გათავისუფლება);
- რეკომენდაციების განხორციელების, არასასურველი ქმედების შეწყვეტისა და მსხვერპლისთვის სასურველი შედეგის დადგომის უზრუნველყოფის მიზნით, თვალს ადევნებს პროცესის შემდგომ განვითარებას;
- სექსუალური შევიწროების ფაქტის დაუდგენლობის მიუხედავად, გამოსცემს რეკომენდაციებს სამუშაო სივრცის შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით;
- ყველა გადაგმული ნაბიჯის შესახებ ინახავს ჩანაწერებს;
- უზრუნველყოფს საკითხთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერის კონფიდენციალურობას;
- უზრუნველყოფს პროცესის სწრაფად წარმართვას შესაძლებლობების ფარგლებში, არაუგვიანეს საჩივრის წარდგენიდან 5 დღისა.
სანქციები და დისციპლინარული ზომები
ყველა, ვის მიმართაც წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად დადგინდება მეორე ადამიანის სექსუალური შევიწროების ფაქტი, ექვემდებარება შემდეგი სახის სანქციებს:
- ვერბალური ან წერილობითი გაფრთხილება;
- სამსახურებრივი საქმიანობის ნეგატიური შეფასება;
- ხელფასის შემცირება;
- გადაყვანა;
- ჩამოქვეითება;
- სამსახურიდან დროებით გათავისუფლება;
- გათავისუფლება.
ამ სანქციების ხასიათი დამოკიდებულია შევიწროების მასშტაბსა და სიმძიმეზე. გამოყენებული იქნება შესაბამისი შემაკავებელი სანქციები, რათა არ მოხდეს სექსუალური შევიწროების ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება. სერიოზული ხასიათის შემთხვევები, რაც, შევიწროების სხვა ფორმებთან ერთად, მოიცავს ფიზიკურ ძალადობას, გამოიწვევს შემვიწროებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
წინამდებარე პოლიტიკის განხორციელება
EECMD უზრუნველყოფს წინამდებარე პოლიტიკის ყველა საჭირო პირისთვის მიწოდებას. ის გახდება ორგანიზაციის წესების სახელმძღვანელოს ნაწილი. ორგანიზაციის გაცნობის პროცედურის ფარგლებში, ყველა ახალ თანამშრომელს სექსუალური შევიწროების პოლიტიკის შინაარსის შესახებ ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგი. ყოველ სამ წელიწადში, EECMD-ის ყველა თანამშრომელს მოეთხოვება ამ პოლიტიკის შინაარსის შესახებ განახლებულ ტრენინგ კურსში მონაწილეობა.
ყველა მენეჯერის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს თითოეული დაქვემდებარებული თანამშრომლის სათანადოდ ინფორმირება სექსუალური შევიწროების პოლიტიკის შესახებ. ახალი თანამშრომლების ვალდებულებაა, ყურადღებით გაეცნონ აღნიშნულ პოლიტიკას.
მონიტორინგი და შეფასება
EECMD აღიარებს „სექსუალური შევიწროების შესახებ პოლიტიკის“ მონიტორინგის მნიშვნელობას და უზრუნველყოფს სტატისტიკისა და მონაცემების ანონიმურად შეგროვებას მისი გამოყენების და ეფექტურობის დადგენის მიზნით.
ხელმძღვანელები, მენეჯერები და სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები ყოველწლიურად წარადგენენ აღნიშნულ პოლიტიკასთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშს, მათ შორის, ინციდენტების რაოდენობის მითითებით, თუ როგორ მოხდა მათზე რეაგირება და რა რეკომენდაციები იქნა გაცემული. ანგარიშის შესაბამისად, ორგანიზაცია შეაფასებს წინამდებარე პოლიტიკის ეფექტურობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს.