რას აჩვენებს ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციები, რა იწვევს საზოგადოებრივ პროტესტს, როგორ ვითარდება და რა შედეგები მოაქვს ქუჩის აქციებს, როგორ ერთვებიან პროცესში მთავარი დემოკრატიული აქტორები – სამოქალაქო სექტორი, მედია, ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება, ამ საკითხებზე EECMD დემოკრატიის სკოლებში ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და გორში, სკოლის კურსდამთავრებულებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრებზე იმსჯელეს.
დისკუსიების მონაწილეები პროცესების გაანალიზებას შეეცადნენ და საპროტესტო გამოსვლებზე თავიანთი დაკვირვებები გაუზიარეს ერთმანეთს.
გვანცა დოლუაშვილი, გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორი და სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ „ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა სურვილმა, რომ მათ აღიარებდნენ ადამიანებად და იყვნენ ბედნიერები… ყველა ამ პროტესტს ლაიტმოტივად გასდევდა მოთხოვნა – სისტემა უნდა დაინგრეს, რაც თავისთავად ლოგიკურია, მაგრამ როცა სისტემის დანგრევაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, სისტემა არის ცალკე აღებული მთავრობა ან მინისტრთა კაბინეტი, თუ იმ კულტურული და სოციალური გარემოებების, ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს“.
გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ჯაბა ანანიძემ ისაუბრა, რომ მართალია, საპროტესტო აქციები დღეს უფრო ორგანიზებული და რეზონანსულია, მაგრამ ისევ მიდის მთავრობის გადადგომის მოთხოვნამდე და არა კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე. ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების მიუხედავად, ადამიანებისთვის ყველაზე მტკივნეული მართლმსაჯულების საკითხია. მათ უფრო აღელვებთ საკითხები, რომლებთანაც თავს აიგივებენ და ნაკლებად იმართება საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქციები მეშახტეების, მუშების და სხვა ჯგუფების მხარდასაჭერად“.
მართლმსაჯულების საკითხზე და პროცესში ძალოვანი უწყებების ჩართულობაზე პანკისელმა უფლებადამცველმა, შენგელი ტოხოსაშვილმაც ისაუბრა: „ეს აქციები იყო საერთო სახალხო გამოღვიძება, რომელიც გამოიწვია უსამართლობის განცდამ მოქალაქეებში… მსგავსი განცდა აქვთ დღეს პანკისშიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც, კვლავ ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვის მცდელობას და პროკურატურის მხრიდან მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს“.
დისკუსიებზე საუბრები შეეხო ქუჩის აქციების ორგანიზების საკითხებს. ითქვა, რომ აქციების ორგანიზატორებმა სათანადოდ ვერ მოახდინეს მათი მოთხოვნების ჩამოყალიბება და საზოგადოებისთვის შესაბამისი ფორმით მიწოდება, ორგანიზატორები არ იყვნენ საერთო პოზიციებზე შეჯერებულები და თანმიმდევრულები, რამაც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობაზეც იმოქმედა. თუმცა, აქვე აღინიშნა ისიც, რომ შესაძლოა, ამას ხელი შეუწყო უფრო გამოცდილი აქტორების – სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების სისუსტემ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი ბათუმში, მალხაზ ჭკადუას თქმით: „ამ აქციებმა აჩვენა ის, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადახედონ თავიან პოლიტიკას, გახდნენ მეტად კონკრეტულები და მომთხოვნები ხელისუფლების მიმართ, მეტად უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნებს“.
მსგავსი კრიტიკა გაისმა პოლიტიკური პარტიების მიმართაც. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვს, პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ამის მონაწილეები. თუმცა, დღეს პარტიებს, როგორც ოპოზიციურ, ისე სამთავრობო ფლანგზე, კრიზისი აქვთ. ისინი მეტად არიან ორიენტირებულნი ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, ვიდრე საზოგადოებაში არსებული პრობლემების რეალურ მოგვარებაზე. ეს კი მათდამი უნდობლობას აჩენს და შედეგად ადამიანები ცდილობენ დამოუკიდებლად, მათ გარეშე ეძებონ პრობლემების გადაჭრის გზები.
EECMD დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებზე ქუჩის აქციების მედიაში გაშუქებაც შეაფასეს. სოფო ჟღენტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მიიჩნევს, რომ „მედია ამ პროცესში არ იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და ბოლომდე მიყვა ხელისუფლებისა და პარტიების მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს. თუმცა, განსხვავებულად იმუშავა სოციალურმა მედიამ, რომელიც მეტად იყო ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნებზე. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას, ე.წ. „ბოტების კამპანიას“, პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა, რომელმაც ამხილა ხელისუფლება და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა“. დისკუსიებზე ასევე ითქვა, რომ როგორც სოციალური, ისე ტრადიციული მედიის მეშვეობით პროპაგანდისტული შინაარსის შემცველი მასალები ქვეყნდებოდა, ხდებოდა აქციის მონაწილეების მარგინალიზება და აქცენტების გადატანა სხვა მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის გამავრცელებლად გვევლინებოდნენ ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე, პედაგოგები.
დისკუსიებზე, ასევე, ისაუბრეს ლოკალურ საკითხებზეც – პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობით გამოწვეულ პროტესტზე და გორში საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ კამპანიაზე, რომელიც სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას შეეხება. ორივე შემთხვევაში იკვეთება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ინერტული დამოკიდებულება, უშიშროების სამსახურების გავლენები და საკითხის სამართლებრივ სივრცეში მოგვარების უშედეგო მცდელობები.
თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, დღეს ხელისუფლება მეტად უსმენს ხალხს და რეაგირებს მათ მოთხოვნებზე, რასაც ბოლო პერიოდის სამთავრობო ცვლილებებიც ადასტურებს. დისკუსიების მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულები იყვნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული გრძელვადიანი გეგმა, მისი მოქმედება „გაძლების“ და „ყოველდღიურობის გადაგორებაზე“ უფროა ორიენტირებული.
დისკუსიებზე ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ პრობლემების გადაჭრაზე უფრო კომპლექსურად იფიქროს. პროტესტი ქუჩაში ინაცვლებს მაშინ, როდესაც ამ საკითხებზე მსჯელობა არ ხდება საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ვერ უმკლავდებიან პრობლემების გადაჭრას, როცა არ ხდება პრევენცია და წინასწარ ფიქრი საზოგადოებრივ საჭიროებებზე, როცა გადაწყვეტილებები მიიღება ცალმხრივად და არა სხვადასხვა მხარეების, თუ მოქალაქეების მონაწილეობით.
შეხვედრის მონაწილეებმა ბოლო პერიოდის ქუჩის გამოსვლები, დედაქალაქსა და რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარ „გამოღვიძების აქტად“ შეაფასეს, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის პროცესში.