ილია, ჭავჭავაძე, ქართული დემოკრატიული აზროვნების ერთ – ერთი ფუძემდებელია. მისი შეხედულებების შესახებ ბევრი მსჯელობა გვქონია დემოკრატიის სკოლებში, დემოკრატიის ბანაკებსა თუ ჩვენს სხვა ღონისძიებებზე. ამჯერად კი ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ამ საუბრებისთვის რეგულარული და ორგანიზებული ხასიათი მიეცა.
„ილია XXI საუკუნეში“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელზეც დემოკრატიის სკოლის მსმენელები, კურსდამთავრებულები, სკოლების კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ერთად მსჯელობდნენ ადამიანის უფლებების, სეკულარიზმის, უმცირესობებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, თვითმმართველობის, მოქალაქეობის, განათლებისა და კრიტიკული აზროვნების; მედიის, ეროვნული იდენტობისა და ისტორიის როლის შესახებ. რაც მთავარია, ეს მსჯელობა ილიას პუბლიცისტური მემკვიდრეობის საფუძველზე ხდებოდა და მონაწილეები ცდილობდნენ იმის დანახვასა და გააზრებას, თუ რა პოზიცია შეიძლება ჰქონოდა ილია ჭავჭავაძეს საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესებსა თუ ჩვენი შიდა საზოგადოებრივი დისკუსიის თემებზე.
თელავის დემოკრატიის სკოლაში ილიას პუბლიცისტიკიდან შერჩეული ერთ-ერთი თემა თვითმმართველობისა და მმართველობის საკითხები იყო და ის, თუ რას მოუწოდებდა ილია იმდროინდელ საზოგადოებას. მომხსენებლებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ დღესაც დგას მე-19 საუკუნეში არსებული პრობლემები და კვლავ გვიწებს იმაზე მსჯელობა, რომ „არჩეულნი უნდა იდგნენ ქვეყნის სამსახურში და არა მეფის/ბატონის ან პატრონის სამსახურში.“
თელავში გამართულ შეხვედრაზე ეთნიკური და სეკულარიზმის საკითხებიც განიხილეს. ამ შემთხვევაშიც ითქვა, რომ ეს თემები დღემდე არ კარგავენ აქტუალობას: სახელმწიფოს, ეკლესიის, ადამიანისა და მთავრობის ურთიერთდამოკიდებულებაზე მაშინაც და დღესაც ბევრს კამათობენ. ილია ჭავჭავაძის აზროვნება და შემოქმედება კი მოქალაქეზეა ფოკუსირებული, განურჩევლად წოდებისა, სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა: „კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების აგებულების საფუძვლია“. ილიას მიაჩნდა, რომ სარწმუნოებრივი განსხვავება ეროვნული ერთიანობისათვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს: „სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც“, მაგალითად კი საქართველოში მცხოვრებ განსხვავებული კონფესიის მიმდევრებს – სომხებს, ებრაელებსა და მუსლიმებს იმოწმებს, რომლებიც, ილიას თქმით, საუკუნეების მანძილზე, სწორედ საქართველოში პოულობდნენ „სინიდისის თავისუფლებას“.
ეთნიკურ და სეკულარულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს გორის დემოკრატიის სკოლაშიც შეეხნენ. მომხსენებლის, წმინდა ილია მართლის ცოდნის ცენტრის ხელმძღვანელის, სუზანა ბერიძის აზრით, ილია რადიკალურად გაემიჯნებოდა იმ ნეონაციონალისტურ ჯგუფებს, რომლებიც დღეს მისი იდეების საპირისპიროდ მოქმედებენ და აქვე, შემწყნარებლობაზე ილიას ნააზრევი მოიშველია: „შეწყნარება დაჯერებას არ ნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგ… განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი, არც მაჰმადიანი, არც კერპთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი, ანუ ხალხი იყოს“.
გორის დისკუსიაზე ერთ-ერთი თემა ქალთა უფლებები და ემანსიპაციის საკითხებიც იყო. ჟურნალისტმა, გვანცა დოლუაშვილმა ქალებთან დაკავშირებით ილიას ერთ-ერთი ფრაზა წაიკითხა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად აქტუალურია იგი დღესაც: „შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავს გაიტანს და ეს მთელი ნახევარი კაცობრიობისა მიწვეული იქნება წუთისოფლის სუფრაზედ, თავისი კუთვნილი ადგილის დასაჭერად“.
ქუთაისის სკოლაში, ილიას პუბლიცისტიკის განხილვისას, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცა განათლების საკითხი. ერთ-ერთი მსმენელის აზრით, განათლების სისტემაში ძირეული რეფორმირების გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ განვითარებული ქვეყნების დონეს და ეს ის თემაა, რომელზეც მუშაობის დაწყება ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა მომავალშიც არ მოგვიხდეს მხოლოდ გულისწყვეტით საუბარი ამ თემაზე, როგორც ამის შესახებ საუკუნის წინანდელ წერილებში წერს ილია ჭავჭავაძე.
ბათუმში ადამიანის უფლებები და უმცირესობების საკითხი განიხილეს. იურისტმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორია, აღნიშნა „ადამიანის უფლებების კონტექსტში ილია ჭავჭავაძე ძალიან თანამედროვე და აქტუალურია. მისი იდეები კანონთან, თანასწორობასთან, სეკულარიზმთან, უმცირესობებთან მიმართებაში იმდენად სრულყოფილი და დღევანდელია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჩვენს სტუდენტებს ილია, როგორც სამართალმცოდნე“.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ბათუმის დისკუსიაზე განიხილეს, ჟურნალისტიკა იყო. მომხსენებელმა, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, ეკა ლორთქიფანიძემ ისაუბრა იმაზე, რომ ილიასეული საზოგადოებრივი ჟურნალის იდეა პირდაპირ პასუხობს დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რომ მედიის დანიშნულება ერთი მხრივ საზოგადოების განათლებაა, მეორე მხრივ კი რეალობის მხილება და კრიტიკა: „ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა… არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა“. ასევე ძალიან თანამედროვეა იდეა იმის შესახებაც, რომ საზოგადოებრივ მედიას უნდა ქმნიდეს საზოგადოება და არა ერთი ადამიანი ან ადამიანთა ერთი ჯგუფი.
დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებზე, ასევე მრავალ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ილიას პუბლიცისტიკას: ფასეულობების დისკრედიტაცია და მათ გადაფასებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოხატვის თავისუფლების საზღვრები, თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, ქართული ენის მდგომარეობა და დღეს არსებული ენობრივი ნორმები. დაისვა ასეთი კითხვებიც: რას იტყოდა ილია სექსუალური უმცირესობების უფლებებზე? სტალინის ძეგლის დადგმაზე? „ქართველთა მარშზე?“ შეეწინააღმდეგებოდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობას? და სხვა. როგორც მომხსენებლები, ასევე დამსწრე საზოგადოებაც ერთ პოზიციაზე იყვნენ, რომ ილია ჭავჭავაძე, მისი თანამედროვე, პროგრესული და ლიბერალური ფასეულობებით დიქტატორთა განდიდების და სიძულვილის იდეოლოგიის უპირველესი მოწინააღმდეგე იქნებოდა და იყო კიდეც მთელი მისი საქმიანობითა და შემოქმედებით. საუბედუროდ, სწორედ ასეთი იდეოლოგიის ადამიანებმა მოუსწრაფეს მას სიცოცხლე.