თბილისის დემოკრატიის სკოლის ღია კარის დღე

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა, 13 სექტემბერს, ფაბრიკაში, გამართა თბილისის დემოკრატიის სკოლის ღია კარის დღე. EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ და დემოკრატიის განათლების პროგრამის ოფიცერმა ნინო ხითარიშვილმა დეტალურად გააცნეს დამსწრე საზოგადოებას თბილისის დემოკრატიის სკოლის პროგრამა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დემოკრატიის სკოლა არის ინტენსიური ხუთთვიანი საგანმანათლებლო პროგრამა, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. პროგრამის მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა.

ჩვენი პოლიტიკური განათლების ცენტრები 2011 წლიდან საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი, რომელთაც წელს თბილისის და პანკისის დემოკრატიის სკოლაც შეემატება. დემოკრატიის სკოლების პროგრამაში EECMD ეყრდნობა მისი და NIMD-ის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, ისევე როგორც, საერთაშორისო თუ  ადგილობრივი ექსპერტებისა და პრაქტიკოსების ცოდნას.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2018 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის თებერვალში. პარალელურად გამოცხადდება აპლიკაციების მიღება ქუთაისის, გორის და ბათუმის სკოლებშიც.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.