დემოკრატიის სკოლის ათი წელი და ასოციაციის დაფუძნება

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ინიციატივით, დემოკრატიის სკოლის ათი წლის იუბილე კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნებით აღვნიშნეთ.  ასოციაციის მთავარი მიზანი, დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერება, საერთო დემოკრატიული ღირებულებების პროაქტიულად დაცვა, კურსდამთავრებულთა მობილიზება, მათი როლის გაზრდა სამოქალაქო ცხოვრებაში და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებთან გამკლავებაა იქნება. 

კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნებასთან ერთად დაკომპლექტდა გამგეობაც.  გამგეობის წევრებმა ასოციაციის სამომავლო აქტივობებზე, წესდების ჩამოყალიბებაზე, ორგანიზაციულ ნაწილსა და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი აქტივობების განხორციელებაზე იმსჯელეს.

,,დემოკრატიის სკოლების მთავარი ამოცანა იყო და რჩება, ქვეყანაში დემოკრატიული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა. ათი წლის განმავლობაში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები საუბრობენ თანასწორობაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებებზე და ისეთ საკვანძო თემებზე, რაც აუცილებელია სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის. ამ ადამიანების გარეშე,  ეს ხმა იქნებოდა უფრო ცოტა და ბევრად უფრო სუსტი. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის ლიდერების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.” – ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმასრულებელი დირექტორი. 

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი ესწრებოდა. ნიდერლანდების სამეფო საქართველოში უკვე მრავალი წელია დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და დემოკრატიის სკოლების ფუნქციონირების მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. 

“როგორც ნიდერლანდების წარმომადგენელი და ელჩი საქართველოში, მოხარული ვარ, რომ ვესწრები EECMD-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის სკოლების ათი წლის იუბილეს საქართველოში. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებთან შესახვედრად, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დემოკრატიის სკოლებში, ისინი ფიქრობენ საკუთარ ქვეყანაზე, რეფორმებსა და განვითარებაზე. ნიდერლანდების სამეფოს საქართველოში ფართო პორტფოლიო აქვს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების, გენდერულ თანასწორობისა და LGBTQI+ თავისუფლებას. ამიტომ, მოხარული ვართ, რომ უზრუნველყოფთ მხარდაჭერას EECMD-ისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის. ისინი ასრულებენ გადამწყვეტ როლს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შესაქმნელად.”,- ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი

დემოკრატიის სკოლის საცდელი პროექტი 2011 წლის შემოდგომაზე თელავში დაიწყო. ხუთთვიანი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ პროგრამის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2012 წლის იანვრიდან ქუთაისში, ხოლო 2012 წლის შემოდგომიდან დემოკრატიის სკოლებმა ფუნქციონირება გორსა და ბათუმშიც დაიწყეს. 2015 წლიდან კი ჩამონათვალს უკრაინის ხუთი ქალაქი ლვოვი, ოდესა, პოლტავა, დნეპრი და კიევი შეემატა. 2021 წლიდან კი EECMD პირველ დემოკრატიის სკოლას მოლდოვაშიც (კიშინიოვი) გახსნის.  დღეს, დემოკრატიის სკოლებს რვაასამდე კურსდამთავრებული ჰყავს.

,,დემოკრატიის სკოლები ეს არის ადგილი, სადაც დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს საშუალება აქვთ სხვადასხვა საკითხზე მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და თავადაც განივითარონ ის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში ან აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული პროცესების საწყისი ადგილობრივი თვითმმართველობაა. სწორედ ამიტომ, მისასალმებელია, რომ წელს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დემოკრატიის სკოლის 35-მდე კურსდამთავრებულები იყრიდა კენჭს”,- ნინო ხითარიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის განათლების პროგრამის უფროსი ოფიცერი.

EECMD ეყრდნობა მისი და NIMD-ის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, ისევე როგორც, საერთაშორისო თუ  ადგილობრივი ექსპერტებისა და პრაქტიკოსების ცოდნას.  

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) საბჭოს წევრებმა:

  • ტიის ბერმანმა, ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმასრულებელი დირექტორი; 
  • აჰმედ დრისმა, ხმელთაშუა ზღვისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტი;
  • იან მარინუს ვირსმა, პოლიტიკოსი
  • იურიან რეგუიანმა, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს უფროსი პოლიტიკოსი;
  • კატი პირმა, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის წევრი;
  • მიგელ ა. კალიქს მარტინესმა, პოლიტიკოსი. 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ინიციატივით, დემოკრატიის სკოლის ათი წლის იუბილე კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნებით აღვნიშნეთ.