დემოკრატიის ბანაკი 2015
2015 წლის დემოკრატიის ბანაკის მთავარი თემა ურბანული განვითარება და ქალაქგეგმარება იყო. ერთკვირიანი სამუშაო განრიგის ნაწილი სრულად დაეთმო ინტენსიურ სწავლებას იმის შესახებ, თუ რა არის განვითარება, რა ადგილი უჭირავს ურბანულ განვითარებას ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. რა სპეციფიკა აქვს ქალაქგეგმარებას და თანმდევი პრობლემების მოგვარების რა წარმატებულ მაგალითებს იცნობს მსოფლიო.
ბანაკი ერთი კვირის მანძილზე დატვირთული იყო სფეროს ექსპერტების ლექციებითა და ტრენინგებით. მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ჰოლანდიიდან მოწვეულმა შვიდი ქალაქის მერმა.
სესიებზე დაყრდნობით, ასევე საკუთარი ქალაქების თავისებურებების გათვალისწინებით, ბანაკის მონაწილეებმა თავიანთი ქალაქების მერებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების კონცეფციებზე იმუშავეს. ბანაკში მოწყობილ ვორკშოპში აქტიურად ჩაერთვნენ სტუმრად მყოფი ჰოლანდიელი მერებიც. ბოლო სამუშაო დღე თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის განვითარების გეგმის წარმოდგენით დასრულდა.