ემინი 2014 წელს გავიცანი, „ნიდერლანდების ინსტიტუტის – მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) რეგიონალური ოფისის აზერბაიჯანში, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყნის ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი მხარდაჭერა დემოკრატიის შესახებ განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით. ჩვენი მისია ნათელი და გამჭვირვალე იყო: ახალგაზრდების განათლება დემოკრატიული ღირებულებების შესახებ.
ემინს ბაქოში გასაუბრებაზე შევხვდით, სადაც მან თავიდანვე მოახდინა ჩვენზე შთაბეჭდილება თავისი გახსნილი ბუნებისა და მისი ქვეყნისთვის რაიმე კარგისა და მნიშვნელოვანის გაკეთების სურვილით. მალევე ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და იგი აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში. ჰოლანდიისა და ბრიტანეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებულ სატრენინგო პროგრამებზე ვმუშაობდით.
ეს იყო ძალზედ საინტერესო დრო, ვინაიდან ჩვენ მოგვიწია მუშაობა მოტივირებული, საქმისადმი ერთგული ახალგაზრდა ადამიანების დიდ ჯგუფებთან ბაქოში, ქუთაისში, თბილისსა და ბრიუსელში. ჩვენ ეხმარებოდით მათ უკეთ ესაუბრათ ერთმანეთთან, გაეგოთ ერთმანეთის და საკუთარი დარდები და ოცნებები გაეზიარებინათ. ვმართავდით შეხვედრებს საქართველოსა და ევროპის პარლამენტებში, რათა ახალგაზრდებს უკეთ გაეცნოთ თუ რა პრობლემების წინაშე დგანან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნები, როგორ ვითარდებიან დემოკრატიული საზოგადოებები, როგორ შეიძლება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს მათი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის.
ასეთი იყო ჩვენი, ისევე როგორც ემინის საქმიანობა. ის თავის საქმეს თავისი ქვეყნისადმი სიყვარულით და ერთგულებით ასრულებდა და სწამდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ კარგი საქმის კეთებით ადრე თუ გვიან დიდი და კარგი საქმე გამოვიდოდა; რომ განათლება და ცოდნა ქმნიდა გზას თავისუფლების, განვითარებისა და მის სამშობლოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ. იმედი მაქვს, რომ მას ჯერ კიდევ სწამს ამის, მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რაშიც იგი ამჟამად იმყოფება.
ვზივარ რა ოფისში ეს დღეები, არ შემიძლია განუწყვეტლივ არ ვიფიქრო მის პირად უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც იმ ქვეყნის მომავალზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დააშინოს და დაადუმოს ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენლები. რა ზიანი მიაყენა ემინმა აზერბაიჯანს? რა გააკეთა არასწორად? ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ერთადერთი მისი შეცდომა იყო ბაქოში, საკუთარ სახლში დაბრუნება, რათა იქ ეზეიმა სირაკუზის უნივერსიტეტის დამთავრება, იურისტის დიპლომის აღება და სურვილი, იქვე შეექმნა მის საყვარელ ქალთან ერთად ოჯახი. ამ ყველაფრის გაკეთება მას სწორედ თავის სამშობლოში სურდა და არა სადმე სხვაგან, მიუხედავად რისკებისა, რომელთა შესახებაც მან კარგად იცოდა. ეს საშინელებაა! როგორი იქნება ჩვენი მომავალი, თუკი, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე განათლებული ხალხი, მათ იძულებით ვადუმებთ და ციხის კამერაში ვკეტავთ იმ იმედით, რომ აღარასოდეს ისაუბრებენ და აღარასოდეს იოცნებებენ უკეთეს მომავალზე? განა ამით რაიმე კარგს მივიღებთ?
ამ წელს აზერბაიჯანი ზეიმობს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის თავს, რომელიც მან 1918 წელს მოიპოვა, თუმცა მალევე დაკარგა ბოლშევიკების მოსვლით 1920 წელს. დამოუკიდებლობის ის ორი წელიწადი იყო საოცარი და დიდი იმედის მომცემი. აზერბაიჯანი გახდა იმ დროისათვის ყველაზე პროგრესული მუსულმანური უმრავლესობით დასახლებული ქვეყანა, მან შემოიღო თანასწორი პოლიტიკური უფლებები ქალებისა და მამაკაცებისთვის და ჰქონდა რეზონანსული, მრავალპარტიული და მრავალეთნიკური პარლამენტი. ის მიდიოდა წინ – პროგრესისკენ და არა წარსულისკენ. მას კი არ აშინებდა მრავალფეროვნება, არამედ ესწრაფოდა მას; პლურალიზმს უყურებდა როგორც სიძლიერეს და არა როგორც სისუსტეს. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი ამ გზას ისევ დაუბრუნდება, თუმცა ამის გაკეთება მას მხოლოდ ემინ ასლანის მსგავსი ადამიანების წყალობით შეუძლია და არამც და არამც მათ გარეშე.
ლევან ცუცქირიძე, აღმასრულებელი დირექტორი.