ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლებში სასწავლო პროგრამა მეშვიდე ნაკადმა დაასრულა

2019 წლის 25-28 ივნისს   გორსა და ბათუმში,   აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) დემოკრატიის სკოლების მეშვიდე ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. 2019 წლის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ და დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა, გადასცეს.  ბათუმის დემოკრატიის სკოლა უკვე 143, ხოლო გორის დემოკრატიის სკოლა 192 კურსდამთავრებულს ითვლის.

ბათუმსა და გორში 2019 წლის პროგრამა თებერვალში დაიწყო. შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვანი იყო – დემოკრატიული საზოგადოება და მმართველობა, დემოკრატიული მონაწილეობის ფორმები და გავლენის მოხდენის მექანიზმები, მასტერკლასები კონფლიქტების მართვასა და მოლაპარაკებებზე, კორუფციაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასა თუ პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

წელს სიახლე  იყო პროგრამაში ქალაქების განვითარებისა და ურბანული პრობლემების შესახებ მოდულის დამატება, რაც თანამედროვე ქალაქებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა. მოწვეული სპიკერები, სკოლის მსმენელებთან ერთად მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – ქალაქების ეკონომიკური განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა, ურბანიზაცია, მიგრაცია, ადამიანზე მორგებული ქალაქის კონცეფცია, ქალაქების გამდიდრების გზები და საქართველოს ქალაქებში შექმნილი ვითარება.

აღსანიშნავია, რომ გარდა სასწავლო მოდულით გათვალისწინებული აქტივობებისა, სკოლის მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსა და დისკუსიებში, აგრეთვე საქველმოქმედო და დასუფთავების აქციებში.

“2012 წლიდან, ყოველწლიურად ახალი ნაკადი უერთდება დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს. ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან. იყვნენ როგორც საჯარო სამსახურის, ასევე სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი რეალურ ცვლილებებს მოახდენენ საზოგადოებაში და წარმატებით გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას”, – განაცხადა დემოკრატიის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა.

დემოკრატიის სკოლასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს თავად კურსდამთავრებულებმაც. უფლებადამცველი, ლექსო მერებაშვილი თვლის, რომ დემოკრატიის სკოლამ უფრო მეტად აქტიური გახდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწლეობის კუთხით.  ბექა ასანიძე, საჯარო მოხელე თვლის, რომ  დემოკრატიის სკოლა არის უნიკალური შანსი განსხვავებული პროფესიის ადამიანებისათვის მიიღონ მაღალი ხარისხის არაფორმალური განათლება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია არ წყვეტს ალუმნებთან კავშირს. კურსდამთავრებულები სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ დემოკრატიის სკოლების ქსელის წევრები ხდებიან, რაც გულისხმობს საინტერესო კავშირებს, ერთობლივ პროფესიულ შეხვედრებს, გაცვლით პროგრამებს, ბანაკებსა თუ მცირე გრანტებს. სკოლის სივრცე ყოველთვის ღიაა ალუმნების იდეების განხორცილებისთვის, ორგანიზაცია მათი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

2020 წლის სასწავლო პროგრამისთვის მიღება გორისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში წლის ბოლოს გამოცხადდება. სკოლების მსმენელთა ახალი ნაკადის მიღების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში. აგრეთვე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები.

დემოკრატიის სკოლის ხუთთვიანი ინტენსიური არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ხუთ ქალაქში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

 

         პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

2019 წლის 25-28 ივნისს   გორსა და ბათუმში,   აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) დემოკრატიის სკოლების მეშვიდე ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.