დაფინანსების მოძიების ტრენინგი ქალი პოლიტიკოსებისათვის კიევში

2017 წლის 27-28 ნოემბერს, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, ქალი პოლიტიკოსებისათვის დაფინანსების მოძიების ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ შემდეგი პოლიტიკური პარტიების წევრები – „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“, „სახალხო ფრონტი“, „სამოპომოჩი“, „ბატკივშჩინა“, „ოპოზიციური ბლოკი“ და „ხალხის ძალა“- კიევის, ივანო-ფრანკივსკის, ლვოვის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნიპროპეტროსვკის რეგიონებიდან.

ტრენინგს უძღვებოდა კატერინა დიგორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, რომელსაც პოლიტიკური კამპანიების  სფეროში  13 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ასევე ეკავა სხვადასხვა კორპორატიული პოზიციები.

ტრენინგი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წარმატებული დაფინანსების მოძიების სტრატეგიისათვის ფუნდამენტურ და საბაზისო წინაპირობას წარმოადგენენ. ესენია: დაფინანსების მოძიების მნიშვნელობა, უკრაინაში პოლიტიკური ფანდრაიზინგისათვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო, ფანდრაიზინგის კვლევა, დონორების მოძიება და არასაარჩევნო პერიოდში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, განაცხადის გაკეთება, ფანდრაიზინგის მეთოდები, ფანდრაიზინგის ფინანსური გეგმის დაწერა და სხვა.

ორდღიანმა ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა არამხოლოდ მიეღოთ ახალი ინფორმაცია დაფინანსების მოძიების შესაძლო სტრატეგიების შესახებ, არამედ შეემუშავებინათ აღნიშნული სტრატეგიების განხორციელების უფრო პრაქტიკული მიდგომები. ბევრი მონაწილისათვის ეს პირველი ტრენინგი იყო აღნიშნულ საკითხზე. როგორც ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ მას შემდეგ რაც დავესწარი ტრენინგს, ერთად მოეყარა თავი ყველა იმ ინფორმაციას, რაც გონებაში განბნეული მქონდა. ახლა ნათლად შემიძლია დავინახო თუ როგორ უნდა განახორციელოს ჩემმა პარტიამ დაფინანსების მოძიების კამპანია ჩემს ქალაქში“.

EECMD 2018 წელსაც გეგმავს გააგრძელოს ქალი პოლიტიკოსებისათვის დაფინანსების მოძიების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა. 2018 წელს დაგეგმილი ტრენინგებითა და სასწავლო ღონისძიებებით ჩვენს წვლილს შევიტანთ პოლიტიკაში ქალთა სრული და თანასწორი მონაწილეობის მიღწევაში.