8 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტის – „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ – შემდგომ განხილვას. პროექტში არსებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ერთპიროვნულად, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე და პრეზიდენტის როლის კიდევ უფრო დასუსტებით, შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმრავლესობის დაკომპლექტებას და მისი თავმჯდომარის არჩევას. ასეთი ცვლილება კიდევ უფრო დააკნინებს საზოგადოების საარჩევნო პროცესისადმი ისედაც მცირე სანდოობას და მის სამართლიანობას. ეს კი არ არის ის, რაც საქართველოს დღეს, ასეთ რთულ შიდა თუ საერთაშორისო გარემოში სჭირდება.
ერთი პარტიის მიერ არჩეულ თავმჯდომარეს ვერ ექნება საჭირო საზოგადოებრივი მანდატი და ნდობა. ერთპარტიულად მართული ცესკო ვერ შეძლებს სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. დასუსტებული საარჩევნო ინსტიტუტების პირობებში ჩატარებული არჩევნები კი არ გადაწყვეტს, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკურ დაპირისპირებას.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებასა და მოთხოვნებს, რომელიც საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად საჭირო თორმეტპუნქტიან სამოქმედო პუნქტშია მოცემული. კერძოდ კი, ის ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რომლებიც პოლარიზაციის დაძლევას, ოპოზიციასთან თანამშრომლობას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება.
სამართლიანი და სანდო არჩევნების პირობების შექმნა მხოლოდ დიალოგით, თანხმობითა და თანამშრომლობით უნდა მოხდეს, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს. ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კომისია ერთპარტიულ დიქტატს დაუქვემდებაროს და მოახდინოს მისი უზურპაცია, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე, ერთპარტიულის ნაცვლად, მრავალპარტიული გადაწყვეტილებით აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე.
მოვუწოდებთ მმართველი პარტიის ლიდერებს, გაიაზრონ, რომ ისინი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ უპირატესად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე უნდა ზრუნავდნენ და ანგარიშვალდებულებას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე უნდა გრძნობდნენ. ამ ცვლილებების მხარდაჭერით, ისინი დარტყმას მიაყენებენ როგორც საარჩევნო დემოკრატიას, ისე ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.
ერთი პარტიის მიერ არჩეულ თავმჯდომარეს ვერ ექნება საჭირო საზოგადოებრივი მანდატი და
ნდობა. ერთპარტიულად მართული ცესკო ვერ შეძლებს სანდო და სამართლიანი არჩევნების
ჩატარებას. დასუსტებული საარჩევნო ინსტიტუტების პირობებში ჩატარებული არჩევნები კი არ
გადაწყვეტს, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკურ დაპირისპირებას.