DemTech 2023 კონფერენცია და ჰაკათონი მოლდოვაში: დემოკრატიის დაცვა ციფრულ ეპოქაში

27 და 28 ოქტომბერს, კიშინიოვში, დემოკრატიისა და ტექნოლოგიების რიგით მეორე, DemTech 2023 კონფერენცია და ჰაკათონი ჩატარდა, თემაზე “დემოკრატიის დაცვა ციფრულ ეპოქაში”. ღონისძიებას 120 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ახალი თაობის ინოვატორები და დარგის ექსპერტები, დემოკრატიის მხარდამჭერი ტექნოლოგიური მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები, საერთაშორისო პარტნიორები და EECMD – ის პროგრამების წარმატებული კურსდამთავრებულები, მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

დისკუსია დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტექნოლოგიასა და დემოკრატიას შორის ურთიერთქმედება და ტექნოლოგიების როლი დემოკრატიისა უსაფრთხოების დაცვაში.

DemTech2023 კონფერენციის საპატიო მომხსენებლებს შორის იყვნენ:

  • ნიკუ პოპესკუ – მოლდოვის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი
  • სტეფან ტიბულეაკი – მოლდოვის უშიშროების უმაღლესი საბჭოს უფროსი
  • ალექსანდრუ მუსტეატა – მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

დისკუსიისას განხილულ საკითხებს შორის, ძირითად გამოწვევად გამოიკვეთა კიბერ უსაფრთხოება და მისი გადამწყვეტი როლი დემოკრატიული სისტემების მთლიანობის შენარჩუნებაში. მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს, კიბერუსაფრთხოების ზომების გაძლიერების სტრატეგიებზე.

კონფერენციაზე განიხილებოდა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიების ციფრულ ეპოქასთან ადაპტაციის საკითხიც; და ბალანსის შესაძლებლობა ინოვაციური ტექნოლოგიების უსაფრთხოებისთვის გამოყენებასა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას შორის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებისა და ციფრულ სივრცეში გამჭირვალობის გაზრდის შესაძლებლობების განხილვას.

კონფერენციის მეორე დღეს, მოლდოვის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს, როგორც ტექნოლოგიების აქტივიზმთან ადაპტაციის მაგალითი. მაგალითად,  ელენა ბადარაუს პროექტი “ბარიერების დარღვევა” ლიდერულ პოზიციებზე ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა. კიდევ ერთმა მონაწილემ, ალექსანდრუ ტოპოლენკომ, პროექტის საშუალებით, რეგიონში, ახალგაზრდებისთვის ინფრასტრუქტურული რესურსების პრობლემაზე ისაუბრა.

DemTech-ის კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა ორდღიანი ჰაკათონი, 40 მონაწილის ჩართულობით. სტუდენტებისა და გამოცდილი პროფესიონალების თანამშრომლობამ მოიცვა არაერთ სექტორში არსებული ეროვნული გამოწვევები. ჰაკათონის გამარჯვებულმა გუნდმა “მარმორისმა’” ჰიბრიდული ხმის მიცემის სისტემისთვის ბიულეტენების გადამმოწმებელი რობოტი შექმნა, რისთვისაც საპრიზო 1000 აშშ დოლარი მოიპოვა. ისინი 2024 წელს, კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარადგენენ საკუთარ ინოვაციას.

DemTech კონფერენციამ, მოლდოვაში, ყოველწლიური სახე შეიძინა. პირველი ასეთი ღონისძიება 2022 წელს ჩატარდა. ინოვაციებისა და ცოდნის გაცვლით, EECMD ხელს უწყობს ტექნოლოგიების დემოკრატიის მშენებლობაში გამოყენებას და ციფრული დემოკრატიის სწრაფად მზარდი სფეროს განვითარებას.

 

DemTech 2023 კონფერენცია და ჰაკათონი გაიმართა მოლდოვაში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერითა და დემოკრატიების ალიანსის ფონდის (AoD) და ჰანს ზაიდელის ფონდის პარტნიორობით.