როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი II)

როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ისეთი ცვლილებების წამოწყება, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის ტემპს შეანელებს და ახალი რეფორმების გზას გვიჩვენებს, ყველაზე უკეთ დღეს სამოქალაქო სექტორს შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი თავადაც გაივლის განახლების გზას. მიზნისკენ მსვლელობა კრიტიკული თვითშეფასებითა და იმის განხილვით უნდა დავიწყოთ, რა სისუსტეები აქვს დღევანდელ პროდემოკრატიულ, ევროატლანტიკურ კავშირებზე ორიენტირებულ სამოქალაქო სექტორს (რომელშიც მხოლოდ კარგად ფორმალიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ მოვიაზრებ, არამედ, ნახევრად ფორმალურ, ზოგჯერ, ნახევრად ორგანიზებულ გაერთიანებებსაც, ისევე, როგორც დროებით კოალიციებს ან ინტერესთა ჯგუფებს) და როგორ შეიძლება მათი სტრატეგიულ სამუშაო გეგმებად გადაქცევა. ამისათვის მას შვიდი მნიშვნელოვანი ცვლილება სჭირდება:

  1. პროდემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიზაცია

შესაძლოა, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ლიბერალურ-დემოკრატიული სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო დემოკრატიზაციაა. ის მეტად უნდა გაიხსნას და გამდიდრდეს სხვა მოსაზრებებით, ჯგუფებითა და ადამიანებით. დღევანდელი სამოქალაქო სექტორი მეტწილად ლიბერალთა გაერთიანებაა (რომელიც თავის თავში როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე დაჯგუფებებს მოიცავს), მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რათა უკეთ ავსახოთ ქართული საზოგადოების მრავალფეროვნება.

  1. ფუნდამენტალიზმისა და ექსკლუზიურობის დაძლევა

ფუნდამენტალიზმი, რადიკალიზმი, შეუწყნარებლობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულება – ის ცოდვებია, რომელთაგან დაზღვეული არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია. ეს ამცირებს მთლიანად სექტორის მიმართ ნდობასა და მხარდაჭერას. მაგალითისთვის, ჩვენ ხშირად  ვწუხვართ, „რატომ ვერ ვაგებინებთ ადამიანებს სათქმელს“ და ვცდილობთ  მის  „გამარტივებას“ (იგივე “talking down”), ნაცვლად ფიქრისა – რა გავაკეთოთ დემოკრატიისა და მოქალაქეთა ინტერესების უკეთ დასაკავშირებლად. ამას საერთო საქმის  ეფექტურობაზეც აქვს ზეგავლენა. ბევრჯერ მინახავს გამორჩეული, უშიშარი აქტივისტები, რომლებიც უსამართლობას ებრძვიან, მაგრამ ამ ბრძოლაში მოკავშირეების შემოკრების ნაცვლად, კარგავენ მათ. მიზეზი: მიჰყვებიან ძველ პრინციპს – „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია.“ სინამდვილეში, დემოკრატიული მოძრაობა ყველასგან არ მოითხოვს ჩვენი შეხედულებებისამებრ მოქმედებას. მთავარია, თითოეულმა  გააკეთოს ის, რაც არსებულ ვითარებაში ხელეწიფება.

შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულმა მცირეშემოსავლიანი,  მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთმა მარჩენალმა ვერ მისცეს საკუთარ თავს რომელიმე საპროტესტო მიტინგზე დგომის უფლება  (ან პირიქით – იძულებულია, დაესწროს სამთავრობო მანიფესტაციას).  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დემოკრატიის მოწინააღმდეგედ ან რადიკალების მხარდამჭერად მოვნათლოთ. ასეთი ადამიანები აქტივისტებმა არ უნდა გარიყონ. პირიქით, საჭიროა, მეტი ესაუბრონ და  უსაფრთხო ქმედების გზა დაანახონ.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღესდღეობით ჩვენ შორის არსებულ არაერთ განსხვავებაზე თვალი დავხუჭოთ და უფრო მეტ ისეთ ადამიანთან ვიპოვოთ საერთო ენა, ვინც  ძალადობას, სიძულვილსა და ავტორიტარიზმს ეწინააღმდეგება და არ სურს საქართველოს კვლავ რუსეთის ვასალად გადაქცევა. თუ საქმეს ასე მივუდგებით, აღმოვაჩენთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ. მეტ მოკავშირეს შევიძენთ, ნაკლებს დავკარგავთ და ბევრად უკეთესი შედეგებიც  გვექნება. მოკლედ, ამ საქმეში ჩვენიანია ყველა, ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ მოქმედებს.

  1. პროდემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების კოორდინაცია და ანტიდემოკრატიულ ძალებთან ეფექტური წინააღმდეგობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა პროდემოკრატიულ ჯგუფებს შორის უკეთესი კოორდინაცია. ეს მხოლოდ საერთო განცხადებებზე ხელმოწერას არ გულისხმობს, არამედ, რესურსებისა და ექსპერტიზის უკეთ განაწილებას,  ავტორიტარული ტენდენციებისადმი უფრო მედეგი და პრაქტიკული წინააღმდეგობისთვის თანამშრომლობას, კონსენსუსს  იმ მინიმალურ ზღვარზე, რომლის დაცვაც იქნება ჩვენი ერთობლივი ამოცანა. რეალურად, უკეთესი დემოკრატიული კოორდინაცია მაშინ გამოჩნდება, როდესაც ბათუმში უმსგავსი მშენებლობების წინააღმდეგ თბილისელებიც ამოიღებენ ხმას და პირიქით – როცა შევძლებთ, ერთი შეხედვით, ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად ეროვნული კოორდინაცია შევქმნათ.

პროდემოკრატიულ მოძრაობებს საქართველოში მეტი გამარჯვება სჭირდება. დიდი გამარჯვებების მისაღწევად კი აუცილებელია პატარა შედეგიანი ნაბიჯების გადადგმა. ერთი შეხედვით, მცირე წარმატება ამ უნარებსა და ალღოს გაუათმაგებს სამოქალაქო აქტივისტებს და უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის უკეთ მომზადებულნი აღმოჩნდებიან: დიდგორის ბრძოლა დავითის პირველი გამარჯვება არ ყოფილა – მისი ადრეული და შედარებით მცირე, მაგრამ სერიული წარმატებების დიდებული კულმინაცია, მათი ფინალური აქტი გახლდათ.

  1. მშვიდობიანი პროდემოკრატიული ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება

როგორც ჯინ შარპი თავის საეტაპო წიგნში – „დიქტატურიდან თავისუფლებამდე“  წერდა: „ყველა საზოგადოება იმდენად არის თავისუფალი, რამდენის რესურსიც გააჩნია“. ის  გულისხმობდა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შეეძლოს, ავტორიტარიზმისა და დიქტატურის საფრთხეებს ეფექტურად, მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე გაუმკლავდეს. ამიტომ, აუცილებელია იმ მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც   მოქალაქეთა თვითორგანიზებას დეცენტრალიზებულად და ავტონომიურად ეხმარება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით ეს ისედაც კეთდებოდა – საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სექტორში მომუშავენი მას დემოკრატიის „მოთხოვნის“ ნაწილს ვუწოდებთ. მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებები, სამოქალაქო განათლების ცენტრები, რეალური სტუდენტური და სასკოლო თვითმმართველობები, სათემო კლუბები, დემოკრატიის სკოლები, სასოფლო კრებები, ახალგაზრდული ორგანიზაციები საშუალებას აძლევს ადამიანებს, თავი  იგრძნონ მოქალაქეებად, რომელთაც მთავრობა ემსახურება  და არა – პირიქით. საჭიროა, ეს ყველაფერი უფრო მიზანმიმართულად, სტრატეგიულად და  ფართო მასშტაბით გაკეთდეს. რაც უფრო მეტს და ხშირად ვიმუშავებთ მსგავს საკითხებზე, ამ შესაძლებლობათა პრაქტიკაში გამოყენება ნაკლებად დაგვჭირდება.

  1. პოლიტიკურ პარტიათა ანგარიშვალდებულების გაზრდა

2020 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიის რანგირება გამოაქვეყნა, რომელმაც ნათლად და დოკუმენტურად აჩვენა ის სავალალო  მდგომარეობა, რაც ისედაც იგრძნობოდა: ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალები უაღრესად დაბალი ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით ხასიათდება – არა მხოლოდ ზოგადი თვალსაზრისით, უშუალოდ ამ პარტიების წევრთა მიმართაც.

 

„დემოკრატიას დემოკრატები სჭირდება“ – ჩვენი ორგანიზაციის  დევიზად შემთხვევით არ შეგვირჩევია: ავტორიტარული, გაუმჭვირვალე, ჩაკეტილი პოლიტიკური პარტიები ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის მესაჭენი ვერასოდეს გახდებიან. ჩვენც, პერიოდული დემოკრატიული ცვლილებებისა და თანამდევი ეიფორიის შემდეგ, ხელახლა ვუბრუნდებით უკვე კარგად ნაცნობ პრობლემებს: პარტიას დაქვემდებარებულ პოლიციას, სასამართლოსა თუ საჯარო სექტორს და თავიდან გვიწევს ბრძოლა დემოკრატიის მინიმალურ ზღვარზე დასარჩენად. ასეთი ჩაკეტილი, ვიწრო ჯგუფების მიერ მართული პოლიტიკური პარტიები  სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და თავისუფლებას. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოებამ და განსაკუთრებით, თავად შიდაპარტიულმა ინტერესთა ჯგუფებმა, უფრო მიზანმიმართულად და კონცენტრირებულად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარი წევრებისა და მოქალაქეების წინაშე რეალურად ანგარიშვალდებული გახდეს.

  1. ინკლუზიური სამოქალაქო ერთიანობისა და სამოქალაქო ნაციონალიზმის მხარდაჭერა

ბევრი რადიკალური მემარჯვენე ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტია დღეს ექსკლუზიურად ეთნო-რელიგიურ ნიადაგზე  ცდილობს საქართველოს სახელმწიფო იდეის ფორმულირებას. მართალია, ბოლო არჩევნებზე ამ ჯგუფების კონსოლიდაცია და პოლიტიკური წარმატება ვერ მოხერხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ იდეებს საზოგადოებრივი დასაყრდენი არ გააჩნია – უბრალოდ, ჯერ არ გამოჩენილა ლიდერი, რომელიც მთლიანობაში არც სასაცილო იქნებოდა და არც საბრალო. შედეგად, ამ განწყობებს პოლიტიკურ კაპიტალში მარჯვედ გადაახურდავებდა. მსგავსი უპასუხისმგებლო პოპულისტური ძალები სახიფათოა არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ, ქვეყნისთვისაც, რადგანაც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ბევრი განსხვავებული ჯგუფის თანაარსებობა და თანამშრომლობა სჭირდება. ეს კი თავისთავად გამორიცხავს ეროვნული იდენტობის ისეთ არქაულ და უტოპიურ იდეებზე დაფუძნებას, რასაც ეს ჯგუფები იყენებენ. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილი ამას ისედაც კარგად ხედავს.

საბედნიეროდ, არც ნაციონალიზმი და არც „ეროვნულობის“ იდეა არ არის ამ ჯგუფების საკუთრება. სწორედ პროდემოკრატიულ სამოქალაქო სექტორს და ასევე, პოლიტიკურ ლიდერთა ნაწილს შეუძლია ახალი – ინკლუზიური, დემოკრატიული, თანამედროვე საქართველოს იდეის სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნება. სწორედ ასეთ ნაციონალიზმზე დგას ევროპული დემოკრატიები, რომლებიც პატრიოტიზმს არა ეთნიკურ, არამედ, ეროვნულ-პოლიტიკურ; არა რელიგიურ, არამედ – კონსტიტუციურ ნიადაგზე ხედავს. სწორედ ამიტომაა კარგი ქვეყანა მრავალეროვნული, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მრავალენოვანი შვეიცარია. და იმის მიუხედავად, რომ კონფედერაციაა, ჯერაც არავის მოსვლია თავში იქიდან გამოყოფის სულელური იდეა.

  1. პატრიოტიზმისა და ტრადიციების უკეთ დაკავშირება ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან

ბოლო დროს პატრიოტიზმი, ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები, რელიგიური რწმენა და  ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი ფსევდოპატრიოტულ ძალებს მჭიდროდ დაუკავშირდა. ერთი შეხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცალ მხარესაა ოჯახისა და ტრადიციის „მოწინააღმდეგე“ „სორისისტი“ ლიბერალები და დემოკრატები, ვისთანაც საერთო ცოტა აქვს; მეორე მხარეს – რადიკალი, ქუჩაში ხალხის მჩაგვრელი „რწმენის რაინდები“, რომლებთანაც, ძალადობრივი ხასიათის გამო, ასევე უჭირს თავის გაიგივება. მიზეზი მარტივია: როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ქუჩაში სხვის შვილებს სცემენ, აუცილებლად ახსენდება თავისიც, რომელიც შეიძლება რომელიმე ფანატიკოს „პატრიოტს“ თვალში არ მოუვიდეს.

სამწუხაროდ, ვერც პროდემოკრატიულმა სამოქალაქო ძალებმა მოვნახეთ საჭირო ფორმა დემოკრატიული დისკურსის დემოკრატიზაციისთვის, რათა ის მხოლოდ ერთ „ენაზე“ მოსაუბრეთა ვიწრო, თუმცა კომფორტულ წრეში არ ჩაიკეტოს.  უნდა შევეცადოთ და პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ, ერთად მოვნახოთ გზები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი პოლიტიკის იდეებისა და მოსაზრებების უკეთ განმარტებაში, ჩვენი ორგანიზაციებისა და საქმიანობის მეტად დემოკრატიზაციაში, მრავალეროვანი, წევრობაზე აწყობილი სამოქალაქო მოძრაობების გაძლიერებაში.

ნათელია, რომ ზემოთჩამოთვლილი შვიდი პუნქტიდან იოლად განსახორციელებელი არც ერთი არაა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა შეჩერდეს და ყველანი გავთავისუფლდეთ მიკერძოებული მართლმსაჯულების, პოლიტიზებული უსაფრთხოების (ჩვენთან – „უშიშროების“) სამსახურების, „ძველი ბიჭების“ მიერ მობილიზებული ამომრჩევლებისა და მრავალი უმსგავსობისგან, რაც თითოეულს გვაწუხებს, საჭიროა ყველამ, ვისაც გვეხება,  ამ საკითხებზე  სერიოზულად  დავიწყოთ მუშაობა.

შეიძლება თავიდანვე ბევრი რამ არ გამოგვივიდეს, მაგრამ თუ არ ვეცადეთ, შედეგი არასოდეს  დადგება. მსოფლიო დემოკრატიის ისტორია არ იცნობს წარმატებული დემოკრატიზაციის ისეთ მაგალითებს, სადაც ლიბერალებისა თუ საშუალო ფენის მცირე ჯგუფებს გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე მიეღწიოთ – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ალიანსი ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებდა. ისტორიაში ლიბერალები და დემოკრატები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მხარესაც იდგნენ, თუმცა საერთო ამოცანების მისაღწევად დროთა განმავლობაში ერთიანდებოდნენ კიდეც. თანამედროვე განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნები სწორედ მსგავსი კავშირის შედეგია. საქართველოსთვისაც ასეა და ჩვენი ისტორიის საკვანძო პერიოდში, სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ ამგვარ – ამბიციურ და ახალ დემოკრატიის საერთო გზამკვლევზე უნდა იფიქროს.

როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ისეთი ცვლილებების წამოწყება, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის ტემპს შეანელებს და ახალი რეფორმების გზას გვიჩვენებს, ყველაზე უკეთ დღეს სამოქალაქო სექტორს შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი თავადაც გაივლის განახლების გზას.