2013 წლის 24 დეკემბერს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) განათლების სისტემისა და თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე პოლიტიკური პარტიებისა და ნიმდის დემოკრატიის სკოლების ერთობლივი სემინარი ჩაატარა.
სემინარის ამოცანა ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის სივრცის შექნა და მეორე მხრივ, ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვის ხელშეწყობა იყო. სემინარი, რომელიც გაცნობით სესიასა და ორ თემატურ დისკუსიას მოიცავდა „ჩეთემ ჰაუსის“ წესით წარიმართა. მასში შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ნიმდის ოთხი დემოკრატიის სკოლის 24 მსმენელი იღებდა მონაწილეობას.
გაცნობითი სესიის დროს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თავიანთი პარტიის საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ძირითადი იდეოლოგიური ხაზის შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე საშუალება მიეცათ გაეანალიზებინათ არსებული პოლიტიკური გამოწვევები და ესაუბრათ სამომავლო გეგმებზე.
დისკუსიები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დემოკრატიის სკოლების მსმენელებს შორის ორ თემაზე წარიმართა: თვითმმართველობის რეფორმა და განათლების პოლიტიკა. დისკუსიის ორივე ბლოკში, დემოკრატიის სკოლების სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დეტალურად მიმოიხილეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური დებატების მთავარი მიმართულებები, გამოწვევები და პრობლემათა გადაჭრის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კი პარტიული პოზიციიდან ისაუბრეს იგივე თემებზე და აქცენტები წამოჭრილი პრობლემის მოგვარების მიზნით პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთეს.
ნიმდი 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ოთხ რეგიონში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს, რაც სამოქალაქო განათლების მეშვეობით აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ნიმდის დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, წარმატებული სტუდენტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების რეგიონული აქტივისტებისთვისაა განკუთვნილი.