ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი მარნეულს ეწვია

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში შექმნილი მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს მარნეულს ეწვია. ქვემო ქართლში ვიზიტი მიზნად ისახავდა სამუშაო ჯგუფს უკეთ გაეანალიზებინა თუ რა დაბრკოლებებს ხვდებიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე.
ნიმდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მიზნების შესახებ და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა. ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეროვნული პროგრამების მენეჯერმა საქართველოში, ნინო გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სუსტ მხარეებზე და მიმოიხილა ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი აწყდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში.

პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაში გამოიკვეთა რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. კერძოდ, ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის დონე დაბალია. ისინი სუსტად არიან წარმოდგენილი საქართველოს პარტიულ ცხოვრებაში და ნაკლებად მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან. ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე კი დასახელდა იმ დამატებით ბარიერად, რომელიც აფერხებს ეროვნული უმცირესობების აქტიურ ჩართულობას.

ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პოლიტიკოსებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებიდან: ქართული ოცნება, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის მიზანს ეროვნული უმცირესობების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით პრობლემების ანალიზი და არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება წარმოადგენს.