2013 წლის 19-20 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) გამართა კონფერენცია სახელწოდებით „პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი”.
კონფერენციის მიზანი გასული საარჩევნო და პოლიტიკური მოვლენების შეფასება და იმ სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა იყო, რომლებიც აუცილებელია უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკური პარტიების ეფექტურობის გაძლიერებისა და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისათვის. ორდღიანი კონფერენცია ცხრა თემატურ დისკუსიას მოიცავდა და მასში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ.
კონფერენციის პირველი დღე 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილების გაანალიზებას დაეთმო. გახსნით სესიაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონ დავით უსუფაშვილმა, ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰანს ჰორბახმა და ნიმდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პარტიების სისტემური გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას, როგორც შიდა პარტიულ ისე საკანონმდებლო დონეზე. პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის განცხადებით საქართველოს ამოცანა 2020 წლისათვის „პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის განვითარება და მეტი ლიდერის გამოჩენაა.“
საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაეანალიზებინათ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი, გასული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება და გამოეთქვათ მოსაზრებები სამომავლო განვითარებისათვის გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ისაუბრეს თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათი მხრიდან პოლიტიკური პარტიების მეტად გახსნილ და დემოკრატიულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბებისთვის.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო საქართველოს მომავლის გრძელვადიანი ხედვის შემუშავებას, იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების პერსპექტივიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკის ექპერტებმა იმსჯელეს სამართლებრივ-პოლიტიკური ჩარჩოს გაუმჯობესების შესაძლებლობების, პოლიტიკური პარტიების ფუნქციების, პოლიტიკური პარტიების ნდობის ამაღლებისა და პარტიულ აქტივობაში საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფების ჩართულობის გაძლიერების საკითხების ირგვლივ.