2014 წლის 10 მარტს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რომელიც ოთხ თემატურ დისკუსიას მოიცავდა გასულ არჩევნებში ქალთა მონაწილეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობის წახალისების გეგმები და სამომავლო ნაბიჯები იქნა განხილული. გახსნით სესიაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ბრიჯით ბრინქმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოსა და სომხეთში, ქალბატონმა ანგელე სამურამ და ნიდერლადების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ბატონმა ლევან ცუცქირიძემ ხაზი გაუსვეს პოლიტიკაში ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხს.
საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა გაანალიზეს გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესების გეგმებზე. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), გენდერული თანასწორობის ჟურნალისტური ქსელის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა კი პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშემწყობი საერთაშორისო და ეროვნული სტრატეგიები გაანლიზეს.
დისკუსია ძირითადად ქალთა გაძლიერებასა და მათ პოლიტიკაში მეტად აქტიურად ჩაბმას შეეხო. ღონისძიებაში მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.