თბილისი, საქართველო – 2014 წლის 14 თებერვალს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) გამართავენ მრგვალ მაგიდას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში. მრგვალი მაგიდა გაიმართება თბილისის სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ 10:00-დან 16:00 საათამდე.
შეხვედრის გახსნისას სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში ჰანს ჰორბახი.
ღონისძიებისას იმსჯელებენ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობასა და კონტროლზე, ასევე განიხილება, თუ რა როლს თამაშობს სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მედია, პოლიტიკური პარტიები და ამომრჩევლები სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის პროცესში.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს საარჩევნო საკითხებში ჩართული მხარეები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, გადაწყვეტილების მიმღები უწყებების წარმომადგენელთა ფართო სპექტრი. შეხვედრის მონაწილეები გააანალიზებენ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოლიტიკური დაფინანსების საკითხებს და იმსჯელებენ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.
საკონტაქტო პირი: სალომე მუხურაძე, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი, ელ.ფოსტა: smukhuradze@nimd.ge, T: 2982456/13; 599298882, ზანდუკელის ქუჩა #5, თბილისი, საქართველო