აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ორგანიზებით ჩატარდა ოთხი ორდღიანი ტრენინგი საარჩევნო სისტემების, საარჩევნო სტანდარტებისა და პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ. ტრენინგები მრავალპარტიულ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან და თბილისიდან. ტრენინგების ციკლი მიზნად ისახავდა საარჩევნო სისტემების შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების ცნობიერების ამაღლებასა და საერთო შეხედულებების შექმნის ხელშეწყობას.
ტრენინგის ორდღიანი პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აერთიანებდა. თეორიული ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საარჩევნო სისტემების განსაზღვრა, მათი ფუნქცია, მნიშვნელობა და კლასიფიკაცია; წარმომადგენლობა და მისი სამი ძირითადი ასპექტი; საერთაშორისო სტანდარტები და არჩევნების ინსტრუმენტები; სადამკვირვებლო მისიები და აშ. ჯგუფური პრაქტიკული დავალებების დროს, მონაწილეებმა განიხილეს უმრავლესობის წესები, საარჩევნო სისტემები და ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა. ტრენინგზე დისკუსია მოჰყვა საარჩევნო სისტემების დიზაინისა და პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის ირგვლივ არსებულ საკითხებს. ორდღიანი ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ზურაბ ხრიკაძემ.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის “რეგიონალური ჩართულობა დემოკრატიული ცენტრების შექმნის მიზნით (Reach for Democracy)” ფარგლებში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი ხორციელდება ბენინში, საქართველოში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, მაროკოსა და ტუნისში და მიზნად ისახავს, ახალგაზრდა დემოკრატების საერთაშორისო ქსელის შექმნას პოლიტიკური სპექტრიდან, რომლებიც, ერთობლივი მუშაობის შედეგად ხელს შეუწყობენ ინკლუზიური პოლიტიკურ სისტემების ჩამოყალიბებას.