ჩემთვის დიდი პატივია, სიტყვით მივმართო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსების ამ გამორჩეულ თავყრილობას და ვისაუბრო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
ნება მომეცით, დავიწყო იმით, რომ პირდაპირ გითხრათ – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალი თქვენზეა დამოკიდებული, მომავლის თქვენსმიერ ხედვაზე, საქმისადმი თავდადებასა და ბევრ მუშაობაზე. პოლიტიკურ ლიდერთა თქვენი თაობა იმ იშვიათთაგანია ისტორიაში, რომელსაც შეუძლია, სრულიად ახალი ფორმა მისცეს რეგიონში არსებულ ურთიერთობებს და წაიყვანოს რეგიონი ნათელი საერთო მომავლისკენ.
ეს წინსვლა შეუძლებელი იქნება წარსულიდან გამოყოლილი კონფლიქტების გადაჭრისა და ამით რთული წარსულის უკან დატოვების გარეშე.
თუ ნებას მომცემთ, მინდა პარალელი გავავლო სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთს შორის – საიდანაც ვარ წარმოშობით. თუმცა გამოწვევები და გადასაჭრელი პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ერთნაირი არ არის. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ გლობალური ზესახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. იუგოსლავია, ქვეყანა, სადაც მე დავიბადე კი იყო ე.წ. „მიუმხრობლობის მოძრაობის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი. ორივე ქვეყანაში, დაახლოებით, ერთიდაიგივე დროს დაიწყო დაშლის პროცესი, თანმხლები მძვინვარე ტრაგიკული კონფლიქტებით, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, გაცილებით მეტს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა.
თუმცა დღესდღეობით, იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკებმა – ახლა უკვე დამოუკიდებელმა ქვეყნებმა განაახლეს მჭიდრო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების, უმცირესობების დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. UNHCR-თან (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) ერთად, რეგიონის ქვეყნებმა მოძებნეს პოლიტიკური და ფინანსური გამოსავალი ასობით ათასი ლტოლვილისთვის. შერიგების და აღმშენებლობის ამ პროცესში, კარგი სამეზობლო კავშირები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობის, საქმიანი ადამიანების, ასევე კულტურისა და სპორტის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არის. მაგრამ ძლიერი პოლიტიკური პარტიების როლი, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, მაინც გადამწყვეტია. პოლიტიკური პარტიები არ უნდა იქმნებოდნენ და იშლებოდნენ მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ უნდა რჩებოდნენ, როგორც სტაბილურობის ფაქტორი, ათწლეულების განმავლობაში.
რამდენიმე თვის წინ, სერბიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩვენგან გამოყოფილ, თვითგამოცხადებულ პროვინციასთან, კოსოვოსთან, ურთიერთობების ნორმალიზების და ადგილზე დაძაბულობის შემცირების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ კოსოვოს სტატუსს. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, ბალკანეთში არსებული ბევრი სხვა ტერიოტორიული კონფლიქტი მოგვარდა, კრეატიული და ხშირად ძალზე თამამი სამშვიდობო შეთანხმებებით. ტერიტორიული დავების გადაჭრის პროცესმა გვასწავლა, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება, ან კონფქლიქტის გაყინვა არ არის შორეული პერსპექტივისთვის მდგრადი არჩევანი. პირიქით, ეს არჩევანი ხშირად პირდაპირი გზაა ძალადობის ხელახლა დასაწყებად, ან უბრალოდ, საბაბია კრეატიული და მდგრადი გადაწყვეტილების მოძებნის თავიდან ასაცილებლად. ასეთი გადაწყვეტილება კი აუცილებლად უნდა მოიძებნოს, თუ მართლაც გვინდა კონფლიქტის მოგვარება. ყველაფერი უნდა ვცადოთ, რათა ისეთი სცენარი შევიმუშაოთ, სადაც ორივე მხარე დაინახავს, რომ აშკარა გამარჯვებული ან დამარცხებული არცერთი მათგანი არ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბალკანური გამოცდილება ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი და გამოყენებული სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი რამდენიმე ტერიტორიული დავა. როცა უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები გირჩევენ, რომ „მოაგვაროთ გადასაჭრელი პრობლემები:, რომ „მომავლისკენ იყუროთ და წარსული უკან მოიტოვოთ“, ეს არამცდაარამც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ თქვენი ლეგიტიმური ეროვნული ინტერესები, თქვენი ღირსება და იდენტობა. არამედ ეს უნდა ნიშნავდეს, რომ, თქვენი ინტერესების დავიწყების გარეშე, თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომ მეორე მხარეს ასევე უფლება აქვს, დაიცვას თავისი ინტერესი. ამდენად, ერთადერთი მდგრადი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ კომპრომისი ამ ორ, ხშირად სრულიად საპირისპირო ინტერესებს შორის. ეს ადვილი არასოდეს არის, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობა თავისთავად არ არის ადვილი საქმე. უკუგება კი მართლაც ფანტასტიურია – თქვენ გაქვთ შანსი, უხელმძღვანელოთ წარმატებული საზოგადოების მშენებლობას, სადაც თქვენი მოქალაქეები ნამდვილად ბედნიერად იცხოვრებენ.
მიუხედავად ყველა არსებული განსხვავებისა, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება მათ ინტერესშია, განვითარების სრული პოტენციალის გამოსაყენებლად. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს უნდა დაეხმარონ თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის საფრთხისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თანამშრომლობას თავდაცვაში, დაზვერვასა და შიდა სექტორებში.
ძვირფასო მეგობრებო,
სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროკავშირისთვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც გეოპოლიტიკური შეხების წერტილი ევროკავშირს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის, არამედ ასევე მნიშვნელოვანი წყარო და ტრანზიტული რეგიონია კასპიის ნავთობისა და გაზისთვის, იმ რესურსებისთვის, რომლებიც ევროპაში ენერგიის სამხრეთის კორიდორიდან შემოდის.
მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, სამხრეთ კავკასიას ამჟამად არ აქვს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
დღესდღეობით, ევროკავშირი გაცილებით უფრო კონცენტრირებულია შიდა პრობლემებზე, მძიმე ეკონომიკური კრიზისის და მზარდი უმუშევრობის გამო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ კრიზისმა, ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ ზოგიერთ უარყოფით გამოცდილებასთან ერთად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ე.წ. „ზრდისგან გადაღლა“. არის საუბარი იმაზეც კი, რომ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს ბალკანეთის დარჩენილი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტით თურქეთზე. თავისთავად ცხადია, ეს არ არის დადებითი გარემო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირში პოტენციური შესვლის პერსპექტივაზე დებატების დასაწყებად და სწორი იქნება თუ ჩავთვლით, რომ ამ ქვეყნებს წევრობას ახლო მომავალში არ შესთავაზებენ. თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში ამჟამად არსებული კრიზისი გამოყენებული უნდა იყოს მისი შიდა სტრუქტურის გასამყარებლად და არა დასასუსტებლად, რათა დასწულდეს ევროკავშირში მთელი ბალკანეთის ინტეგრახიის ისტორიული პროცესი და დასაწყისისთვის, განმტკიცდეს ევროკავშირის ჩართულობა და გავლენა სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სამეზობლოს სხვა ნაწილებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ევროკავშირი, გახდეს ნამდვილად გლობალური გავლენის მქონე სტრუქტურა და ჰქონდეს შანსი, წარმატებით გაუწიოს კონკურენცია მსოფლიოს სხვა აღმავლობის გზაზე დამდგარ ქვეყნებსა და რეგიონებს.
თუ ევროპა გაუშვებს შესაძლებლობას, რომ გააძლიეროს კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, სხვა სახელმწიფოები, რომელთაც რეგიონის მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ, როგორიცაა რუსეთი, ძალიან სწრაფად შეავსებს არსებულ ნიშას.
ასე რომ, მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებს ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც მოხდება ასოცირების შეთანხმებების ინიცირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. ეს შეთანხმებები გააღრმავებს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირთან და ასევე გააძლიერებს სტრატეგიულ პოლიტიკურ დიალოგს. იმედი მაქვს, რომ მალე ვიზების გაადვილებული გაცემა რეალობა გახდება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე მიმდინარეობს გაზის სამხრეთის კორიდორის საბოლოო სახის ჩამოყალიბების პროცესი.
აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნით. თუმცა, ეს რეფორმები წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფორმაციის მიზნები დაკავშირებული იქნება კონფლიქტების მოგვარებასთან. ამას დასჭირდება გაცილებით უფრო კომპლექსური მიდგომა ევროკავშირის მხრიდან, ვიდრე ეს აქამდე იყო. რაც შეეხება ენერგიას, ევროკავშირი შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს კასპიის რესურსების გახსნაში მხოლოდ მისი ენეტგეტიკული პოლიტიკის განვითარების გზით.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.