რიგით მეორე საერთაშორისო მრგვალი მაგიდა ”პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში” ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანაორგანიზებით ქალაქ თბილისში, 12–13 მარტს გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მრგვალი მაგიდის პირველი დღე – პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებას, დაფინანსების მეთოდების გაუმჯობესებასა და სამომავლო რეფორმების განხილვას დაეთმო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, პიტერ ლანგერბერგმა, ლევან ცუცქირიძემ (NIMD), მარჩინ ვალეცკიმ (OSCE/ODIHR) და ნერმინ ნისიჩმა (IFES) თავიანთ გამოსვლაში მიმოიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არსებული პრობლემები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკაში ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას.
საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავიანთი შეხედულებები, ჩამოეყალიბებინათ ძირითადი პრიორიტეტები და განეხილათ საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები. აღნიშნულთან მიმართებაში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ბოსნიაჰერცოგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი პოზიცია და პრაქტიკული გამოცდილება. დისკუსია ძირითადად პოლიტიკური პარტიებისათვის დაფინანსების გამჭვირვალეობის კუთხით გაზრდილ პასუხისმგებლობას, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმებისა და პროპორციული ჯარიმების შემოღებას შეეხო.
მრგვალი მაგიდის მეორე დღე – ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალთა გაძლიერებასა და მათ პოლიტიკაში მეტად აქტიურად ჩაბმას შეეხო. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები და სამართლიანობა”, რუსუდან კერვალიშვილმა ხაზი გაუსვეს ქალთა აქტივობის გაზრდას ქართულ პოლიტიკაში.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება – დღე I
ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში – დღე II