კონსული – სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პლატფორმა

საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული მართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კორონავირუსის პანდემიამ კი, კიდევ ერთხელ დაგვანახა თანამედროვე ციფრული პლატფორმების შესაძლებლობა – უზრუნველყონ კავშირი მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის და ამით ხელი შეუწყონ პოლიტიკური დიალოგისა და ზოგადად, დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობას, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური შეხვედრები ხშირად შეუძლებელი ხდება. ეს შესაძლებლობები გასაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ახლა, საქართველოში.

ამ მიზნით, 2020 წლის 5 ოქტომბერსაღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)” ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პროგრამა – კონსული (Consul) ჩაეშვა.

კონსული გადაწყვეტილებების მიღების, სამოქალაქო დიალოგის, მოსახლეობასთან კავშირისა და სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება.  ის თავდაპირველად მადრიდის საკრებულოს მიერ შეიქმნა ქალაქის მაცხოვრებელთა პოლიტიკაში ჩართულობის წასახალისებლად და დღეს აქტიურად გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების პროგრამებშიც, როგორებიცაა ევროკავშირი, გაერო, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი და სხვ.

კონსული საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში, წამოაყენონ საკუთარი წინადადებები და ჩაერთონ სხვა მონაწილეების მიერ ინიცირებულ გამოკითხვებში, მათ შორის, ხმა მისცენ კონკრეტულ პროექტებს.

კონსული ქართულ ენაზე ითარგმნა და ადგილობრივ საჭიროებებს მოერგო „DRIVE Democracy: რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ პროექტის ფარგლებში. ჯამში, 5 ასეთი ვებ-გვერდი შეიქმნა თბილისის, გორის, თელავის, ბათუმისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებისთვის.

კონსულის ადაპტირებით და მისი მარტივი და მოქნილი ინტერფეისის მეშვეობით, პროექტის მონაწილეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ თავიანთი შეხედულებებისა და ხედვების გაზიარება, მათ მიერ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივი მსჯელობა, ინიციატივების წამოყენება და თანამოაზრეების მობილიზება. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებასა და პოლიტიკის შემუშავებაში ფართო საზოგადოების მონაწილეობას.

EECMD უახლოეს მომავალში მსგავსი შესაძლებლობების შექმნასა და მიწოდებას საქართველოს სხვა, დემოკრატიული მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიებისათვისაც გეგმავს.

 

 „ამ საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით“

კონსული გადაწყვეტილებების მიღების, სამოქალაქო დიალოგის, მოსახლეობასთან კავშირისა და სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება.