2013 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” ფარგლებში გამართა რიგით მეხუთე თემატური დისკუსია თემაზე – „ბიუჯეტის გენდერული მეინსტრიმინგი.“
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საბიუჯეტო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა – ეკატერინე გუნცაძემ განაცხადა, რომ გენდერულად დაბალანსებული ბიუჯეტი ქვეყნის ერთ–ერთ პრიორიტეტთაგანია თუმცა აქვე ხაზი გაუსვა რესურსების ნაკლებობას აღნიშნულ სფეროში. რუსუდან კერვალიშვილმა – არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები და სამართლიანობა (საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი) ისაუბრა სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მის ეფექტიან იმპლემენტაციაზე.
ექსპერტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა განაცხადა, რომ არსებული ბიუჯეტის სისტემა “გენდერულად ბრმაა” და გენდერულად მგრძნობიარობა არ შეიმჩნევა არც ეროვნულ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე. ქალბატონმა ჩარიტამ მიმოიხილა იმ საკითხთა ნუსხა რომელიც სამწუხაროდ არსებული კანონმდებლობით არ რეგულირდება. მაგალითად, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ქალთა მიგრაციის/დემოგრაფიული პოლიტიკა; საქართველოს შრომის კოდექსი – დეკრეტული შვებულება; მარტოხელა მშობელთა / მარტოხელა დედებისა და ინვალიდ ბავშვთა საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებმა (პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების) განიხილეს საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელიც მჭიდროთ ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან. ასეთი საბჭოს არსებობა შესაძლებელს გახდის ჩატარდეს სრულყოფილი კვლევა, შეგროვდეს აუცილებელი მონაცემები და შეიქმნას ყოვლისმომცველი გენდერული ბიუჯეტის ანალიზი, რომელიც 2015 წლისათვის გენდერულად ორიენტირებული ბიუჯეტის მიღებას შეუწყობს ხელს.