ვარშავაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ორგანიზებული სემინარი „პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.
2011 წლის 18-20 მაისს გამართულ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ორგანიზებულ სემინარზე განიხილებოდა პოლიტიკურ პარტიებთან და პლურალიზმთან მიმართებაში არსებული ეუთოს პირობების შესრულების უმთავრესი გამოწვევები და ბარიერები; პოლიტიკურ პროცესებში ქალების აქტიური და თანასწორი მონაწილეობის წახალისება; პოლიტიკური პარტიების რეგულაციებში უმთავრესი ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპების ასახვა; ინტერნეტ დემოკრატია – ელექტრონული საშუალებებით მოქალაქეთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა და გააქტიურება დემოკრატიულ პროცესებში.
ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის საქართველოს ოფისმა (NIMD) აღნიშნულ სემინარზე პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგინა. პროგრამა NIMD-ის პარტნიორი 7 პოლიტიკური პარტიის მიერ შიდაორგანიზაციულ ანალიზსა და სტრატეგიული გეგმის შექმნას ითვალისწინებს. NIMD-ის მიწვევით, სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა), საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა (ერთანი ნაციონალური მოძრაობა) და ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დავით გამყრელიძემ.
სემინარის ფარგლებში NIMD-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ლევან ცუცქირიძემ პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სიტყვით მიემართათ აუდიტორიისთვის. მოგვიანებით, გაიმართა დისკუსია პოლიტიკური პარტიების თემაზე საქართველოში, მათ უმთავრეს გამოწვევებსა და პარტიათა ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროცესზე. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.