პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით (DIPD) ახორციელებს პროექტს „დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს მრავალპარტიული სისტემის გაძლიერება იმ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავენ და ატარებენ დემოკრატიულ პრინციპებს.

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, EECMD თანამშრომლობს ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან („ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ლელო საქართველოსთვის“, „სამართლიანობისთვის“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“) და ეხმარება მათ განავითარონ პოლიტიკური შესაძლებლობები, დიალოგის პლატფორმების საშუალებით დაამყარონ უშუალო და ეფექტიანი კომუნიკაცია ამომრჩეველთან და გაიღრმავონ თანამშრომლობა დანიის პოლიტიკურ პარტიებთან.

წინასაარჩევნო პერიოდში, პროექტში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშავეს კოვიდ 19-ის საპასუხო ანტიკრიზისული გეგმები და გაწერეს პანდემიასთან გამკლავების კონკრეტული ნაბიჯები ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური უსაფრთხოების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, დეზინფორმაციის, საგარეო საფრთხეების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების საპასუხოდ. ანტიკრიზისული გეგმები პოლიტიკურმა პარტიებმა EECMD-ს დახმარებით ფართო საზოგადოებასაც წარუდგინეს საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისში, გორში, ბათუმში, თელავში და ქუთაისში).

მომდევნო თვეებში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის, მოქალაქეთა ჩართულობის ონლაინ პლატფორმის ინტეგრირება პარტიულ ცხოვრებაში, პოლიტიკური პარტიების დიალოგის სესიები საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისში, გორში, ბათუმში, თელავში და ქუთაისში) და საერთაშორისო ვიზიტი დანიაში.

 

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით (DIPD) ახალ პროექტს ახორციელებს.