აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა და გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში“. აღნიშნული პროექტის მიზანია პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება.
პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დისკუსიას წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. პროექტის ფარგლებში 13 წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა. შემუშავდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტული ანალიზის დოკუმენტი წინასაარჩევნო პროგრამებისა და პოლიტიკური პოზიციების შესახებ. იმავდროულად, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი საზოგადოების ჯგუფებს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები და ინტერესები პოლიტიკურ დღის წესრიგში მოაქციონ. ამისთვის მომზადდება 11 ადგილობრივი პოლიტიკის ინტერესების დოკუმენტი.
პროექტი სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად. 1. საზოგადოებრივი მოთხოვნისა და ინტერესის გაძლიერებას წინასაარჩევნო პროგრამების შინაარსის, მათი რეალისტურობისა და ეფექტიანობის საკითხებთან დაკავშირებით. 2. წინასაარჩევნო პროგრამების ზეპარტიული, კვალიფიციური შეფასებებისა და ანალიზის დოკუმენტის შემუშავებას საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობისა და წინასაარჩევნო პროგრამების მიმართ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით. 3. წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ კონსტრუქციული და საქმიანი დისკუსიის პლატფორმების შექმნა ეროვნული მასშტაბით, რათა ქვეყანაში შესაძლებელი გახდეს უკეთესი პოლიტიკის შექმნა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარება და პოლარიზაციის დონის შემცირება.
აღნიშნული პროექტი 2020 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის თებერვალში დასრულდება.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს.