EECMD დემოკრატიის სკოლებში – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დისკუსიები გაიმართა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ იმსჯელეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და არსებული, შერეული მაჟორიტარულ–პროპორციული წესის შეცვლის შესახებ მმართველმა პარტიამ მოქალაქეების საპროტესტო მოთხოვნების შემდეგ დაანონსა. ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა – მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს.
რას ცვლის პროპორციული საარჩევნო სისტემა? რა პერსპექტივა აქვს და რა გამოწვევები ახლავს ცვლილებას ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე? როგორია ცვლილების მოდელზე მმართველი და ოპოზიციური პარტიების შეხედულებები? – დისკუსიისას ყურადღება ამ საკითხებზე გამახვილდა.
დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებს ყველა ქალაქში ესწრებოდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე ცვლილებებზე ორგანიზაციის პოზიციები გაუზიარეს.
საის–ს წარმომადგენელი კახეთში, მარეხ მგალობლიშვილი ხაზს უსვამს პროპორციული სისტემის წარმომადგენლობითობის ხარისხს: ,,შემოთავაზებული პროპორციული სისტემა და ბუნებრივი ბარიერი უზრუნველყოფს მანდატების ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან და დემოკრატიულ განაწილებას, ყველა ამომრჩევლის ხმა იქნება ასახული და საკმაოდ შემცირდება დაკარგული ხმების რაოდენობა. ასევე, შემცირდება, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რომელიც გასულ არჩევნებზე 20% -მდე იყო“.
პოზიტიურია აჭარაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, მალხაზ ჭკადუას შეფასებაც: „ჩვენი ორგანიზაცია წლებია ითხოვდა პროპორციულ სისტემას და ბარიერის დაწევას, თუმცა, ნულოვან ბარიერზე არ გვიფიქრია. მაგრამ ახლა რაც გვაქვს, ფეოდალური სისტემა, რომელიც მაჟორიტარების ხარჯზეა უზრუნველყოფილი, ამას ნამდვილად აჯობებს. ჩვენ ვართ კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაცია, რომელიც ამ ცვლილების პირობებშიც დავაკვირდებით ფულის მოძრაობას წინასაარჩევნო პერიოდში“.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი გორში, თეა თედლიაშვილი უფრო მეტად რისკებზე საუბრობს: „ეს უპირობოდ არის ძალიან კარგი და წინ გადაგმული ნაბიჯი, თუმცა, ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რადგან ნულოვანი ბარიერი ქმნის პოლიტიკური არასტაბილურობის განცდას, რაც ასევე ნეგატიურად შეიძლება აისახოს სააარჩევნო გარემოზე. პოლიტიკური მდგრადობისთვის კარგი იქნება, თუ ამ გარდამავალ პროცესში მივიღებთ სამპროცენტიან ბარიერს, რათა არ გვქონდეს ისეთი სატელიტი პარტიების შექმნის ალბათობა, რომლებიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მათ ექნებათ პოლიტიკური იდეოლოგია და ქვეყნის განვითარების ხედვა“.
სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებს პოლიტიკური პარტიების შეფასებები მოყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ თქვა, რომ „მართალია, დიდი პარტიები ვზარალდებით ამ ცვლილებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას და ასევე, მხარს დავუჭერთ ნულოვან ბარიერს. მნიშვნელოვანია, ახალი, პატარა პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში“. განსხვავებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოსაზრებები. გიგი გიგიტელაშილი, „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ კახეთიდან ამბობს, რომ „ხელისუფლებას შეეშინდა გაერთიანებული ოპოზიციის და ცდილობს მოახდინოს დანაწილება. რადგან ბლოკები იკრძალება, ყველას ცალ-ცალკე მოუწევს არჩევნებზე გასვლა და სწორედ ეს არის ნულოვანი ბარიერის ფუნქცია ახლა“. „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი გორიდან, სოსო ვახტანგაშვილი აქცენტს ცვლილების მნიშვნელობაზე აკეთებს და პარტიებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს: “პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის ეპოქალური ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. განიმუხტება ის კრიზისები, რაც არის ქუჩაში და გადაინაცვლებს დახურულ სივრცეში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ უკან წაიღოს დანაპირები, საჭიროა შეთანხმება“. „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბათუმელმა მირიან მერცხალაძემ კი მესამე ძალის შანსების ზრდაზე ისაუბრა: „საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს მესამე ძალის გამოჩენას, ამას კვლევებიც ადასტურებს, შემოთავაზებული მოდელი კი ამის უზრუნველყოფისთვის კარგი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, პროპორციული სისტემა პარტიებს აიძულებს კომპრომისულ ურთიერთობებს, რაც დემოკრატიის გაძლიერებისთვის კარგია“.
„ქართული ოცნების“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ილია ვერძაძე იმ გარემოებას უსვამს ხაზს, პროპორციული საარჩევნო სისტემა პატარა პარტიებს საკუთარი თავის წარმოჩენასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
დისკუსიებში მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ბათუმში გამართული შეხვედრის მონაწილემ, იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა, იმაზე ისაუბრა, თუ რამდენად შედეგიანი იქნება ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილება: „ცვლილება თავისთავად კარგია, იმიტომ რომ მახინჯი, ოლიგარქიული სისტემა დავანგრიოთ, მაგრამ, როცა არ გვაქვს ძლიერი დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები, როცა ასე ჭარბად მოძრაობს უკანონო ფული პოლიტიკაში, არ მგონია, რომ ამან რეალური ცვლილებები გამოიწვიოს“.
ბათუმში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა აჭარის რეგიონთან დაკავშირებითაც გამოთქვეს მოსაზრებები, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ითხოვს, ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა სამპროცენტიანი ბარიერით. მმართველი პარტიის მოსაზრებით კი, აჭარაში სჯობს შერეული სისტემა დარჩეს, რადგანაც პროპორციული სისტემის შემოღებით საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვნად არ მცირდება (5–დან 4.07 პროცენტამდე) და ასევე, მოსახლეობას მეტად მოსწონს, როდესაც პირდაპირი წარმომადგენელი ყავს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არიან.
დისკუსიები ოთხივე დემოკრატიის სკოლაში საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების წინ მსგავსი განხილვები აუცილებელია. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ყოველთვის ცდილობს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე სადისკუსიო სივრცე შექმნას და დემოკრატიული პროცესი წაახალისოს.
EECMD დემოკრატიის სკოლებში – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დისკუსიები გაიმართა.