“დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის” სახელით მოვუწოდებთ ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონს და ადამიანის უფლებებს, დაგმონ ძალადობრივი თავდასხმები და მოძალადეები, რომელთა სიძულვილის ენა ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყობს საზოგადოებას, იწვევს სოციალური ჯგუფების გახლეჩვასა და პოლარიზებას.
ძალმომრეობა და ორგანიზებული თავდასხმები საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საკუთარ სავიზიტო ბარათად აქცია. მთავრობის პასუხისმგებლობა, დაიცვას თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ვრცელდება მათი საქმიანობისა და გამოხატვის უფლების დაცვაზე ფიზიკური ზიანის შიშის გარეშე. თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოხშირებული ძალადობრივი ფაქტები და მათზე არასათანადო რეაგირება ბადებს ეჭვს, რომ გახშირებული თავდასხმები არა მხოლოდ წახალისებული, არამედ ორგანიზებულია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით. მაგალითად, მოძალადე ჯგუფების მიერ ახალგაზრდებზე თავდასხმა ბორჯომში, ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტების მისამართით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნა, ოპოზიციური პარტიებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, და ცენზურის ამოქმედება კულტურის სფეროში, კერძოდ ქართული კინოსა და მუზეუმების დამოუკიდებლობის შეზღუდვა, არა თუ შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან, არამედ ათწლეულებით უკან მოტოვებულ საბჭოთა დიქტატში გვაბრუნებს. თითოეული ეს ფაქტი აღვივებს პოლარიზებას, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სიძულვილის ნიადაგს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, რაც გამორიცხავს ჯანსაღი, თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საზოგადოების მშენებლობას და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგია.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა უსაფრთხო და ინკლუზიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შექმნაზე, სადაც ადგილი არ ექნება ცენზურას და ყველა ინდივიდს გარანტირებული ექნება პირადი და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობა საკუთარი აზრის გამოხატვისას.
როგორც დემოკრატიული სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაცია, ერთგულნი ვართ დემოკრატიის, ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის კულტურის ხელშეწყობის. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებას, ცნობიერების ამაღლებასა და კოლექტიურ მოქმედებას ალტერნატივა არ აქვს. ძალადობისა და სიძულვილის ენის მზარდ ტალღას ღირებულებების ერთგულება, ინდივიდუალური თუ კოლექტიური სამიზნეების მხარდაჭერა და ძლიერი სოლიდარობის ქსელი უნდა დავუპირისპიროთ.
მოვუწოდებთ ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონს და ადამიანის უფლებებს, დაგმონ ძალადობრივი თავდასხმები და მოძალადეები, რომელთა სიძულვილის ენა ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყობს საზოგადოებას, იწვევს სოციალური ჯგუფების გახლეჩვასა და პოლარიზებას.