ნიმდ-ის აღმოსავლეთ ევროპის ოფისმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასება პირველად 2014 წელს განახორციელა. წინამდებარე კვლევა კი მეორე რანგირებას წარმოადგენს, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს. ამ კვლევის განხორციელებისთვის მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესებული სიზუსტით ასახავს რეალურ მდგომარეობას გამოყენებული ცვლადების ხვედრითი წილისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
გენდერული თანასწორობის ინდექსი 3 – საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული -კომპონენტისგან შედგება. განახლებული მეთოდოლოგიით, საარჩევნო კომპონენტს ორჯერ უფრო დიდი ხვედრითი წილი მიენიჭა ვიდრე დანარჩენ ორს. კვლევის შედეგად გენდერული თანასწორობის საერთო ინდექსთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებში ამ მიმართებით არსებული მდგომარეობა თითოეული კომპონენტის მიხედვითაც შეფასდა.
პოლიტიკურ სისტემაში გავლენისა და ძალის გათვალისწინებით 7 პოლიტიკური პარტია შეირჩა. ეს პარტიებია: სამი საპარლამენტო – ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ოთხი პარტია, რომელიც მინიმუმ 2015 წლიდან არსებობდა და 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმების საერთო რაოდენობის 1%-ზე მეტი მიიღო – თავისუფალ დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტები და რესპუბლიკელები.
საარჩევნო კომპონენტი შეფასდა წარდგენილ პარტიულ სიებსა და არჩეულ დეპუტატებს შორის ქალების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. აქ პატრიოტთა ალიანსს საუკეთესო შედეგი ჰქონდა 52%, ხოლო ქართული ოცნება ბოლო ადგილზე აღმოჩნდა დაახლოებით 21%-ით.
ინსტიტუციური კომპონენტი ითვალისწინებს ქალების ხვედრით წილს პარტიების მმართველ ორგანოებში, პარტიაში ქალთა უფლებების ან გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ერთეულის არსებობას, ბიუჯეტში ამავე საკითხებისათვის გამოყოფილი თანხის ხვედრით წილს საერთო დანახარჯებთან მიმართებაში და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული აქტივობების არსებობას განხილული პერიოდის განმავლობაში. ამ მიმართებით საუკეთესო შედეგი რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა 45%-ით, ხოლო ქართული ოცნება ამჯერადაც ბოლო ადგილას გავიდა 2.1%-ით.
პროგრამული კომპონენტი აფასებდა ორ გარემოებას: გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების არსებობას პარტიაში, როგორც ეს ამ უკანასკნელის წესდებაში ან სხვა სავალდებულო ხასიათის დოკუმენტშია გამოხატული და პარტიულ პროგრამაში ამავე საკითხებისადმი დაფიქსირებულ პრიორიტეტებს. აქაც კვლავ რესპუბლიკურმა პარტიამ აჩვენა საუკეთესო შედეგი 88%, ოთხმა პარტიამ კი ბოლო ადგილი გაიზიარა 12.5%-ით.
საერთო ინდექსის მიხედვით საუკეთესო მდგომარეობა რესპუბლიკურ პარტიაში დაფიქსირდა 44.6%-ით, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ქართულმა ოცნებამ ბოლო ადგილი დაიკავა 17%-ით, ხოლო ლეიბორისტებმა, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ასეთივე რიგითობით მე-4, მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ, ვინაიდან სწორედ ეს პარტია ახდენს გადამწყვეტ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. საქართველო ევროპის 40 ქვეყანას შორის 36-ე ადგილს იკავებს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის მიხედვით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2.5-ჯერ უფრო მეტად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში ვიდრე მაჟორიტარული. სხვა დასკვნებს შორის, კვლევა აღნიშნავს, რომ პარტიული მმართველობის არაფორმალური სტილი უარყოფით გავლენას ახდენს შიდაპარტიული პროცედურების გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის ხარისხზე. შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში მმართველობის დემოკრატიზაციისა და გამჭვირვალობისაკენ დადებითად აისახება გენდერულ თანასწორობაზე. აქედან გამომდინარე სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძონ არა მხოლოდ სპეციფიურად გენდერული თანასწორობისაკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერა, არამედ ასევე ხელი შეუწყონ პარტიებში დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცედურების დანერგვას.
ჩამოტვირთეთ კვლევის ელექტრონული ვერსია.