მრგვალი მაგიდა – პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში

2014 წლის 14 თებერვალს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში“.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რომელიც ოთხ თემატურ დისკუსიას მოიცავდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მისი ზედამხედველობის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები, წარმატებული პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება იქნა განხილული. გახსნით სესიაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ქალბატონმა მანანა კობახიძემ, ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰანს ჰორბახმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების საკითხს.

საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა გაანალიზეს გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, იმსჯელეს თვითმმართველობის არჩვენების რეფორმასთან დაკაშირებით და განიხილეს საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარმა აუდიტორმა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტებმა კი დამსწრე საზოგადოებას პოლიტიკური დაფინანსებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი ზედამხედველობის კუთხით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.

დისკუსია ძირითადად პოლიტიკური პარტიებისათვის დაფინანსების გამჭვირვალეობის კუთხით გაზრდილ პასუხისმგებლობას, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმებისა და პროპორციული ჯარიმების საკითხს შეეხო. ღონისძიებაში მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.